მოემზადეთ ჩასხდომის ბარათის გამოსაყენებლად. Weekend Max Mara ახალ Signature Collection-ს გთავაზობთ, სახელწოდებით “სიყვარულით ლილისგან,” რომელიც სამოგზაუროდ წასაღებად იდეალურ საზაფხულო სამოსს მოიცავს: დახვეწილს, მოსახერხებელს, თავისუფალს.

ის აღიარებულ სუპერმოდელ, გულმოდგინე ფილანტროპ და ახლად ჩამოყალიბებულ ანტრეპრენერ ლილი ოლდრიჯთან ერთად შეიქმნა.

ლილიმ სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. 2009 წელს, პირველად წარსდგა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე და მალევე იქცა მოდის ერთ-ერთ ფავორიტ სახედ. თავისი კარიერის განმავლობაში, ის ინდუსტრიის არაერთი მოწინავე ფოტოგრაფის ობიექტივში მოექცა, მათ შორის: ინეზის და ვინუდის, დენიელ ჯექსონის, ლახლან ბეილის და მერთის & მარკუსის. 2014 წელს, მან Sports Illustrated Swimsuit საიუბილეო 50-ე ნომრის გარეკანი დაამშვენა, გარდა ამისა, არა ერთხელ არის მოხვედრილი: VOGUE-ის, ELLE-ის, Harper’s Bazaar-ის, LOVE-ის, Glamour-ის და GQ-ს საერთაშორისო გამოცემების ყდებზე და V-ს, Vanity Fair-ის და ბევრი სხვა ჟურნალის ედითორიალში. ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სუნამოების ბრენდის – Lily Aldridge Parfums.

ფერადი და საზაფხულო განწყობის მქონე ოლდრიჯმა წინასწარ დაგეგმილი დასვენებისთვის თუ ბოლო წუთს გადაწყვეტილი მოგზაურობისთვის აუცილებლად წასაღები ნივთების შექმნა განიზრახა. ისინი მრავალმხრივი, მომხიბლავი, ჩინებულად შემკობილია და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ყოველგვარ გარემოებას შეეფერება.

თავისი ფესვების ერთგულების შედეგად, კოლექციას მხატვრული ელფერი დაჰკრავს და შთაგონებულია მამამისით, სახელგანთქმული ინგლისელი ილუსტრატორით, ალან ოლდრიჯით. “მისი ხელოვნება და სტილი! მას უყვარდა სამ-ნაწილიანი კოსტიუმები, დენიმი დენიმზე, ნათელი ფერები და ორნამენტები – ის ყოველთვის გამორჩეულად და თანამედროვედ გამოიყურებოდა,” – ამბობს ოლდრიჯი.

ლოს ანჯელესის მკვიდრი ოლდრიჯი აღიარებული შემოქმედებითი ნიჭის მქონე პირთა ოჯახიდან მოდის. გარდა მამამისისა, მისი ძმა მაილს ოლდრიჯიც მოდის დაფასებული ფოტოგრაფია, ბოლოს კი მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი ქმარი კალებ ფოლოუვილი უნდა აღინიშნოს, რომელიც როკ ბენდ Kings of Leon-ის წამყვანი ვოკალისტია.

პროექტისთვის გაღებული თავისი კრეატიული ძალისხმევით, ოლდრიჯმა Weekend Max Mara-ს მთავარი ღირებულებები – ავთენტური იტალიური ცხოვრების სტილი, თავისუფალი სულისკვეთება და თანამედროვე ხედვა – სამოცდაათიანი წლების ჰიპურ-ბოჰემურ განწყობას და კალიფორნიულ მემკვიდრეობას დაუკავშირა.

“მთელი კოლექცია მიყვარს. ჩემთვის თითოეული ნივთი მნიშვნელოვანი და მშვენიერია! დაწყებული დენიმით, დამთავრებული ფარფატა კაბებით!”

მთლიანობაში, საამო სიმსუბუქე მოედინება ფლუიდური ფორმებიდან, რომლებიც წარმოდგენილია იმგვარად, რომ სიცხეში სიგრილის შენარჩუნება უზრუნველყოს, დღის პერიოდიდან ღამემდე, ქუჩებსა თუ ქვიშაზე. სელის ტილოსთვის დამახასიათებელი სიმყიფე არბილებს ჟილეტიანი კოსტიუმის ფორმალურობას, დენიმის სპორტული აურა კი, კოლექციის პრინტებთან დაკავშირებული ნატიფად მოქარგული მოტივებით არის გამდიდრებული. მსუბუქი და რომანტიკული კაბები გამორჩეულია როგორც დეკორატიულ eyelet კოტონში, ისე თხელ ტექსტურებში. ამასთანავე, ლამაზი ტოპები და ფართო სახელოებიანი ბლუზები თბილ ნიავში ნაზად იწყებს ფრიალს. ალან ოლდრიჯის ნამუშევრებით შთაგონებული პრინტებით გაფორმებული პიჟამას მსუბუქი კომპლექტი, რომელიც აბრეშუმის ტვილის პერანგისა და შარვლისგან შედგება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანხვედრის შეგრძნებას მზის ამოსვლიდან შებინდებამდე ცვალებადობასთან ერთად გამოხატავს. დამაგვირგვინებელი დეტალი კი აქსესუარებია: საკულტო Pasticcino ჩანთის ახალი ვერსია, ქუდი, აბრეშუმის შარფები და ფეხსაცმელები.

“მარადიულობის დოზით გაჯერებული ამ საკმაოდ ეკლექტიკური ნივთების ნაზავი მე ძალიან მგავს!” – აღნიშნავს ოლდრიჯი.

Weekend Max Mara “ლაიფსთაილ” ხაზია, რომლის ისტორიაც 1983 წელს დასვენების დღეებისთვის განკუთვნილი, ყოველდღიური საგარეო ტანსაცმლის კოლექციის გამოშვებით დაიწყო. ბრენდი მალევე იქცა ავთენტურ იტალიურ “ლაიფსთაილ” ბრენდად, რომელსაც უნიკალური იდენტობა და რელევანტური თვისებები აქვს. Signature Capsule კოლექციები Weekend Max Mara-მ ბრენდის მიმდინარე სტრატეგიის ფარგლებში წარადგინა. ისინი სახელგანთქმული შემოქმედებითი პიროვნების მიერ ან შთაგონებით იქმნება. ყოველ სეზონზე მოდის სახლის კოდების გამორჩეული ხედვით ინტერპრეტაციის შედეგად უნიკალური გარდერობი გამოდის. მსოფლიო მასშტაბით Weekend Max Mara ხელმისაწვდომია დაახლოებით 250 მონობრენდულ მაღაზიაში და წამყვან უნივერმაღებში. 

საქართველოში Weekend Max Mara-ს ოფიციალური მაღაზია მდებარეობს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 50 ნომერში. 

Tags :