მოდის პრესაში ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემა W Magazine-მა რეჟისორ სოფია კოპოლასთან ითანამშრომლა. ჟურნალის ყოველწლიური სპეციალური გამოცემის, Directors Issue-ის ფარგლებში, ფოტოსესია კოპოლას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით მოეწყო. ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს რეჟოსორის სამმა მუზამ, მსახიობებმა: კირსტენ დანსტმა, ელ ფენინგმა და რაშიდა ჯონსმა.

პროექტზე ფოტოგრაფმა ზოი ჰერტნერმა (Zoë Ghertner) და სტილისტმა ალია ალიატა დი მონრეალმა (Allia Alliata di Montereale) იმუშავეს. სოფია კოპოლამ ფემინურ და დახვეწილ ფოტოებში თავისი ცნობილი ფილმების ელემენტები შეიტანა, ამ ყველაფერს კი, პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაცია და აქტიურ საზოგადო ცხოვრებასთან გაუცხოებული ყოველდღიურობა დაუკავშირა.

ფოტოებზე ვხედავთ მსახიობებს, რომლებიც სახლის გარემოში გამოსასვლელი კოსტიუმებით არიან გადაღებული. “ბოლო დროს ყოველდიურ სტილს მივეჩვიეთ, სწორედ ამიტომ მინდოდა ფოტოსესია განსაკუთრებულად ფემინური და გლამურული ყოფილიყო.”- აღნიშნავს კოპოლა W Magazine-თან კოლაბორაციაზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ფოტო პროექტის განსაკუთრებულ ხასიათს მონაწილე მსახიობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი – თითოეულ მათგანს კოპოლასთან დიდი ხნის თანამშრომლობასთან ერთად, ახლო მეგობრობაც აკავშირებთ. კირსტენ დანსტი რეჟისორის ცნობილ ფილმში, სახელწოდებით The Virgin Suicides-ში მონაწილეობისას 16 წლის იყო, ელ ფენინგმა კი, პირველად 11 წლის ასაკში ითანამშრომლა სოფიასთან. რაც შეეხება რაშიდა ჯონსს, ის სოფია კოპოლას უახლეს ფილმში, 2020 წლის რომანტიკულ კომედიაში მთავარ როლს ასრულებს.

პირადი მეგობრობისა და ხანგრძლივი თანამშრომლობის გათვალისწინებით, გადაღებების პროცესი განსაკუთრებით კომფორტული, ექსპრესიული და ბუნებრივი აღმოჩნდა.