“VTMNTS” პირველი ბრენდია, რომელიც “Vetements” -ის და “Gvasalia Family Foundation” -ის პატრონაჟით შეიქმნა. ვეტმანის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ „საიდუმლო პროექტი“ გასულ თვეს დააანონსა, თუმცა ჭორები ვეტმანში განვითარებულ სიახლეებზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა.

2020 წელს “Vetements” – მა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურები გაიარა სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, შვეიცარიაში, სინგაპურში. ბრენდმა ინტელექტუალური საკუთრება მოიპოვა შემდეგ სახელწოდებაზე – “VTMNTS”. ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, მოდის ინდუსტრიაში აქტიურად განიხილებოდა ვეტმანის შესაძლო რებრენდინგის საკითხი, თუმცა როგორც გუშინ გაირკვა, ‘’VTMNTS’’ ახალი, დამოუკიდებელი ბრენდია და მას ვეტმანის რებრენდინგთან კავშირი არ აქვს.

„ეს იქნება ბრენდი, რომელიც ძლიერ არის შთაგონებული მამაკაცის ტანისამოსით, მაგრამ მოერგება ყველა გენდერული იდენტობის წარმომადგენელს,“ – განმარტა გურამმა ახალ ინტერვიუში.  პირველი კატალოგი 100 ლუქისგან შედგება და ყოველდღიური სტილის ელემენტებს აერთიანებს. “Vetements” -ს და “VTMNTS”-ს შორის მსგავსება ერთი შეხედვითაც შესამჩნევია, თუმცა როგორც სახელწოდებას ხმოვნები, აგრეთვე კოლექციასაც აკლია ის ახალი და სუფთა ჰაერი, რომელიც “Vetements”-ის პირველი კოლექციების წარმატების საფუძველი გახდა.

შექმნის დღიდან Vetements არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ბიზნეს კუთხითაც განსხვავდებოდა სხვა გავლენიანი მოდის სახლებისგან. ჯერ უცნობია როგორი იქნება ახალი ბრენდის ბიზნეს სტრატეგია და მოერგება, თუ არა ის ტრადიციულ სისტემას.

აქვე უნდა ითქვას, რომ “VTMNTS” დასაწყისია იმ ახალი ბრენდების და კომპანიების, რომლებიც მომავალში “Gvasalia Family Foundation-ის ქოლგის“ ქვეშ გაერთიანდებიან.

საინტერესოა ისიც, რომ “Gvasalia Family Foundation” არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ მოდაზე. “VTMNTS” – ის პირველი კოლექციის ხილვა უკვე შესაძლებელია ვოგის საიტზე – Vogue.com/VTMNTS.