ვოგის ერთადერთი გამოცემა, რომელსაც ქვეყნის მაგივრად ქალაქის სახელი ეწერა იყო Vogue Paris. ახლა ეს შეიცვალა და როდესაც ფრანგული გამოცემის ახალი ნომერი გამოვა, გარეკანზე პარიზის ნაცვლად საფრანგეთს წავიკითხავთ.
სიახლის შესახებ ინფორმაცია დღეს ფრანგული ვოგის მხრიდან გავრცელდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე დაანონსდა პირველი ნომრის გამოსვლის თარიღი მას შემდეგ, რაც ემანუელ ალტმა ჟურნალის მთავარი რედაქტორის პოზიცია დატოვა.
“ჩვენი მომდევნო ნომერი, რომლის გამოშვებაც 4 ნოემბერს იგეგმება, ხელახლა განსაზღვრავს და სწავლობს საფრანგეთის კულტურულ სიმდიდრეს, მხარს უჭერს როგორც ინდივიდუალურობას და ერთობას, ასევე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ძალას,” – წერს ეჟენი ტროშიუ, ფრანგული ვოგის სარედაქციო კონტენტის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ მთავარი რედაქტორის თანამდებობა ვოგის რამდენიმე გამოცემაში უკვე აღარ გვხვდება და მათ შორის არის Vogue France-იც. ტროშიუ არის ის პიროვნება, რომელსაც ამჟამად ჟურნალში ყველაზე მაღალი პოზიცია უკავია, თუმცა თავისი საქმიანობის ფარგლებში ის პასუხისმგებელია ანა ვინტურის და ედვარდ ენინფულის წინაშე.

ალტის წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად წინა თვეში დადასტურდა. ვოგის “დიდი ოთხეულიდან” (ამერიკული, ბრიტანული, იტალიური, ფრანგული გამოცემები) ის გახდა მეორე რედაქტორი, რომელმაც დაკავებული თანამდებობა დატოვა. პირველი ემანუელე ფარნეტი იყო, რომელმაც ივლისში Vogue Italia-დან წამოსვლის შესახებ განაცხადა. საერთო ჯამში კი ერთი წლის განმავლობაში ვოგის ექვსმა მთავარმა რედაქტორმა დატოვა თავიანთი პოსტი – გერმანული, ინდური, იაპონური, ესპანური, იტალიური და ბოლოს პარიზის. ემანუელის რედაქტორობით გამოცემული ბოლო ნომრის გარეკანზე Guy Bourdin-ის გადაღებული წითელი გულის ფოტო იყო წარმოდგენილი. 2021 წლის ოქტომბრის გამოცემა პარიზის ვოგის 100 წლის იუბილესაც აღნიშნავდა.