როგორც უკვე ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, წლევანდელი Met Gala ლეგენდარულ დიზაინერ კარლ ლაგერფელდს ეძღვნება. ღონისძიება პირველ მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ჩატარდება. ცოტა ხნის წინ, ვოგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წლევანდელი წითელი ხალიჩის დრეს კოდი შემდეგია: კარლის არქივული კლასიკური ლუქი, კარლის თანამედროვე, სპორტული ლუქი, ან სხვა დიზაინერების ნამუშევრები კარლის სტილში. შეგახსენებთ, რომ კარლს ნამუშევარი აქვს არა მხოლოდ Chanel-ში, მას თითქმის 50 წლიანი კარიერა ჰქონდა Fendi-ში, უმუშავია Balmain-ში, Chloe-სა და Patou-ში, ისევე, როგორც საკუთარ ბრენდში. ამიტომ, ვარსკვლავებსა და მათ სტილისტებს დიდი არჩევანის საშუალება აქვთ.

Vogue Magazine 2023 წლის მაისის ნომრის ყდა, ფოტოგრაფი: ენი ლეიბოვიცი

რაც შეეხება ვოგის 2023 წლის მაისის ნომერს, ის სრულად მიეძღვნა კარლის ხსოვნას და ყდაზე/ედითორიალში მისი მუზები ენი ლეიბოვიცმა გადაიღო. ედითორიალი გადაღებულია პარიზის Grand Palais-ში, რომელიც ახლა სარემონტო სამუშაოებზეა დახურული, თუმცა აღნიშნული ატმოსფერო სეტ დიზაინად იქნა გამოყენებული. ვოგმა შანელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ სიტუაციაში მათ გადაღების ჩატარება Grand Palais-ში სწორედ შანელის დიდი დახმარებით შეძლეს. საავტორო სტატიის მაგივრად, ვოგმა ედითორიალს ინდუსტრიის ინსაიდერების მოკლე მოგონებები დაურთო, რომლებიც მათ კარლთან აკავშირებს, მათ შორის დიზაინერების, რომელთა სამოსიც მოდელებს ფოტოებზე აცვიათ. ეს სტილისტებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა მიიღონ შთაგონება იმისთვის, რათა კარლის გარდა სხვა დიზაინერების “à-la-Karl” სამოსი შეარჩიონ ვარსკვლავებისთვის.

პიერპაოლო პიჩოლი

ანოკ იაი პიერპაოლო პიჩოლის მიერ შექმნილ კოსტიუმში

მე და კარლი ერთმანეთს 90-იანების დასაწყისში Fendi-ში შევხვდით, მისი ოფისში მოსვლა ნამდვილი ვარსკვლავის გამოჩენას გავდა. მას ჩვენთან, თითქოს, მსოფლიოს სიახლეები მოჰქოდა, გვესაუბრებოდა სხვადასხვა თემაზე და თუ როგორ გახდა “უშნო” სილამაზის ახალი კონცეფცია. მისი მანიფესტები ყოველთვის გამოირჩეოდა სიზუსტით და ის ყოველთვის თავდაჯერებული იყო ჩვენთან ამ თემებზე საუბრისას. კარლისგან ასევე ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა დამეფასებინა. შენ შეგიძლია ყველაფერთან/ყველასთან მუშაობა. შენ შეგიძლია შექმნა რაღაც არაფრისგან. მისი თანამედროვეობის მიმართ ინტერესიც ძალიან შთამაგონებელი იყო. ის შეპყრობილი იყო თანამედროვეობით, მას ჰქონდა იდეა, აღებეჭდა თანამედროვეობა საკუთარ კოლექციებში. მას ნოსტალგია არ ახასიათებდა. ლუქი, რომელიც მე შევქმენი მისი სიტყვების გამოძახილია – თანამედროვე, ზუსტი.

თომ ბრაუნი

შალომ ჰარლოუ თომ ბრაუნის მიერ შექმნილ კოსტიუმში

კარლს ძალიან უყვარდა კოლეტი [პარიზული ბუტიკი], ხოლო ჩემი ბრენდი იქ იყიდებოდა. მან ერთხელ რუხი კოსტიუმი იყიდა, ხელჩანთასთან და გადასაფარებელთან ერთად, ჩაიცვა, ფოტო გადაიღო და გამომიგზავნა. ეს ფოტო დღემდე მაქვს ჩემს ოფისში, ის ჩემთვის ბევრს ნიშნავს. წლების განმავლობაში კარლი პერსონად ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი სამუშაოსა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ქმნილებების დამსახურებაა. მისი ნამუშევრები ლამაზი დიზაინისა და ოსტატობის იდეალური შერწყმაა, მათი ხარისხი ყოველთვის ემთხვეოდა მის კონცეპტუალურ იდეებს. მისი გენია გამომდინარეობდა იქედან, რომ მან ზუსტად იცოდა ვისთვის ქმნიდა. ძალიან მომწონდა მისი სილუეტები და ფორმები, პროპორციები და ოდნავ ავან-გარდული ლუქი.

დონატელა ვერსაჩე

კენდალ ჯენერი დონატელა ვერსაჩეს მიერ შექმნილ კოსტიუმში

კარლი ჯანის განსაკუთრებულად ახლო მეგობარი იყო, მათ მოსწონდათ ერთმანეთი და პატივს სცემდნენ ერთმანეთს. ჯანის ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, არც კარლს, თუმცა ისინი გაცნობის შემდეგ მალევე დაახლოვდნენ. ყოველთვის ვთხოვდი ჯანის “გთხოვ, გამაცანი კარლი!”, ამიტომ, ერთხელ ჯანიმ კარლის სახლში წამიყვანა. კარლით ძალიან მოხიბლული დავრჩი. მომწონდა მისი მეამბოხე სული. მას შეეძლო ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამო ნივთები შეეხამებინა. ის საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად არასდროს აღიქვამდა, თუმცა ყველა გენიოსი ასეთია. მისი ყოველი ჩვენება მისთვის თითქოს პირველი იყო. მას ასევე უყვარდა, როდესაც ქალების გარემოცვაში იყო, რადგან ეს მას სიძლიერეს სძენდა. მათი მხარდაჭერა კარლისთვის მნიშვნელოვანი იყო, მას სურდა ცოდნოდა, თუ რას ფიქრობენ ისინი კარლის შემოქმედებაზე.

ჯონ გალიანო

ნატალია ვოდიანოვა ჯონ გალიანოს მიერ შექმნილ კოსტიუმში

ჩემი პირველი შანელის ჩვენება ძალიან ამაღელვებელი იყო, როგორც თავგადასავალი. როდესაც მის კოლექციებს უყურებ, თითქოს ენციკლოპედიას კითხულობ. კარლი თითქოს მუხის ხეა, რომელიც უდიდეს სიბრძნეს ფლობს. მიყვარდა მისი საუბრის მოსმენა და როგორ ამთავრება ის ყოველ წინადადებას სიტყვით “non?”, კითხვის ნიშნით, რათა შენც ჩართულიყავი საუბარში, რათა მას გაეგო, თუ რას ფიქრობდა მისი მოსაუბრე. “Non?”-ისთვის ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყავი. მისი Patou-ში მოღვაწეობისას შეპყრობილი ვიყავი ბრენდით. კოპლებიანი, ამოჭრილი და ელიფსებიანი სამოსი, რომელსაც ის ქმნიდა, [ფოტოზე აღბეჭდილ] ლუქში გავაცოცხლეთ. ლუქი სახალისო გამოვიდა, თუმცა, ვიმედოვნებ, კუტიურის საკმარისი დოზით.

ოლივიე რუსტანი

ნაომი ქემფბელი ოლივიე რუსტანის მიერ შექმნილ კოსტიუმში

კარლს პირველად 2011 წელს შევხვდი. “შენ Balmain-ის ახალი ბიჭი ხარ?” მკითხა მან, რაზეც მე ვუთხარი რომ ვარ. “ოდესღაც მეც ვიყავი ბალმანის ბიჭი, კეთილი იყოს შენი მობრძანება მოდაში”, მიპასუხა მან. რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს ვახშამზე და გამოვილაპარაკეთ. არ ვიცოდი როგორ მესაუბრა მასთან მისი შემოქმედების შესახებ, ამიტომ ვკითხე, “როგორ მიდის ცხოვრება სამსახურის გარეთ, შანელის გარდა?” მან კი მითხრა, “ჩვენ ასეთ კითხვებს არ ვსვამთ, რადგან სამსახური არის ჩემი ცხოვრება, სამსახური არის ჩემი სიყვარული.” ის ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი შთაგონება. ის არასდროს მიჰყვებოდა მოდას, ის მას ქმნიდა, აკავშირებდა მოდას პოპ-კულტურასთან. კარლი პიონერი, მეფე იყო და ჩვენ ყველა ვცდილობთ მის მაგალითზე ვისწავლოთ. მას ცხოვრების ინტერესი და წყურვილი წამითაც არ შეუჩერებია.

ჯიჯი ჰადიდი

ჯიჯი ჰადიდი Gucci-ში

ჩემი პირველი ჩვენება შანელისთვის “ქალების აღლუმის” ჩვენება იყო. Grand Palais-ის ინტერიერი პარიზის ქუჩებად გადაკეთდა, მე კი სანახაობას ფართე თვალებით ვუყურებდი, მსგავსი მასშტაბის ფროდაქშენი ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი. მოგვიანებით იყო ჩვენება კოსმიური რაკეტითა და “ტიტანიკი”. [ტიტანიკის] ჩვენებაზე სტუმრებმა იხილეს ჩვენების სეტი, თუმცა, არ იციან, რომ გემის ინტერიერი წვეულებისთვის იყო მორთული. კარლის ამბის თხრობის უნარი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო, მას შეეძლო აზრები და შეგრძნებები მრავალი სხვადასხვა ხერხით გადმოეცა. ის აიქონია, რადგან მისი გენია ფოკუსირებული იყო იმაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ცხოვრებაში. შორიდანაც კი, მისი აურა იგრძნობოდა და იგი გამოიყურებოდა ზუსტად ისე, როგორც კარლ ლაგერფელდი უნდა გამოიყურებოდეს. ძალიან მაგარი ადამიანი იყო.

სიმონ როშა

დევონ აიოკი სიმონ როშას მიერ შექმნილ კოსტიუმში

კარლი პირველი დიზაინერი იყო, ვინც H&M-თან კოლაბორაციით კოლექცია შექმნა. მაშინ თინეიჯერი ვიყავი და ჩემთვის ეს ნამდვილად საკულტო მომენტი იყო. ზოგი ადამიანისთვის, რომელიც ძვირადღირებულ მოდაში მუშაობდა, ეს ტაბუ იყო. თუმცა კარლი ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მას სურდა და არასდროს იხდიდა ბოდიშს, რაც იშვიათია. მას სჯეროდა ყოველი გადაწყვეტილების, რომელსაც ის იღებდა, საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შეუტანია.

ჯუნ ტაკაში

ლიუ ვენი ჯუნ ტაკაშის მიერ შექმნილ კოსტიუმში

რასაც კარლმა მიაღწია – წარმოუდგენელია. როდესაც მან შანელის რებრენდინგი დაიწყო, მან ბრენდს წლების განმავლობაში დაკარგული შარმი დაუბრუნა, შეძლო დაეფიქსირებინა გასული ერები და ჩაექსოვა ისინი შანელის დიზაინებში. [აღნიშნული ლუქის] ჩემი შთაგონებისთვის დავფიქრდი, რა მოხდებოდა, თუ კარლს და კოკოს ერთად ემუშავათ? ეს შანელის კლასიკური კოსტიუმია, თუმცა, არის მასში რაღაც განსაკუთრებული, ბნელი, პოპისა და პანკის ელემენტებით.