საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Vogue რეპერ Drake-ს სასამართლოში უჩივის. გამოცემა TMZ-ის ცნობით, Vogue-ის მშობელი კომპანიის, Condé Nast-ის სარჩელი Drake-ისა და 21 Savage-ის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგანაც რეპერების დუომ Vogue-ის ყალბი ყდა ახალი ერთობლივი ალბომის, Her Loss-ის დასაანონსებელ მარკეტინგულ კამპანიაში გამოიყენეს. როგორც მედია იუწყება, სარჩელში მითითებულია, რომ ამგვარი ქმედებით არტისტებმა მსმენელი შეცდომაში შეიყვანეს და შექმნეს წარმოდგენა, რომ Vogue მუსიკალური კრებულისადმი მიძღვნილ სპეციალურ ნომერს გამოსცემდა.

Condé Nast-ის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ აქვთ Drake-ისა და 21 Savage-ის დაანონსებულ ალბომთან. ანა ვინტურმა ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული ყდა ყალბია და რეპერებს მიმართა, რომ მუსიკალური კრებულის მარკეტინგული კამპანიიდან, Vogue-ის ბრენდინგისა და სახელის შემცველი დეტალები ამოიღონ.

აღსანიაშნავია, რომ გავრცელებული ცნობით, Condé Nast სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე არტისტებისგან არამხოლოდ გავრცელებული მასალის წაშლას, არამედ ზიანის ანაზღაურების სახით, 4 მილიონი დოლარის კომპენსაციასაც ითხოვს.