ვივიენ ვესტვუდის შემოქმედებაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. მისი ნამუშევრები არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებდა, არამედ ის აქტივისტის სულისკვეთებით იყო გაჯერებული და პოლიტიკურ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ განცხადებებს აკეთებდა. ინტელექტუალური, პროვოკაციული და გამომწვევი – მისი სამოსი და ბრენდი ისეთივე უნიკალური, მეამბოხის განწყობის მატარებელი და ავთენტურია, როგორც თავად ვივიენის პერსონა იყო. ბრიტანულ მოდის სახლს განსაკუთრებული თანამშრომლობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეგობრობა აკავშირებს ქართულ კონცეპტუალურ მაღაზიასთან, Sense Concept Store-სთან, რაც უპირველესყოვლისა, საერთო ღირებულებების, ფასეულობებისა და იდეების გაზიარების შედეგია. საქართველოში, სწორედ Sense Concept Store-ში არის შესაძლებელი “ვივიენ ვესტვუდის” კოლექციების შეძენა.
ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით თუ როგორ დაიწყო საკულტო მოდის სახლსა და ქართულ გამორჩეულ კონცეპტუალურ სივრცეს შორის თანამშრომლობა: “Vivienne Westwood იყო ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელიც ავარჩიეთ ჩვენი მაღაზიისთვის,” – აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას მაღაზიის დამფუძნებლები. “მისი სამოსი გამოირჩევა უნიკალურობითა და ინდივიდუალიზმით, მისი ფილოსოფია და დამოკიდებულება გარემოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. დღესდღეისობით, ჩვენ ძალიან მეგობრული და მჭიდრო კავშირი გვაქვს ბრენდთან, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენი შეხედულებები და მიდგომები ემთხვევა ერთმანეთისას. ჩვენ მოდის კულტურას აღვიქვამთ როგორც არა მხოლოდ სამოსს, არამედ – სამყაროს განუყოფელ ნაწილს, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას ყველა ეტაპზე და გახდეს ბიძგი პოზიტიური ცვლილებებისკენ.”

© Sense Concept Store
წლების განმავლობაში, ვივიენის ხმა მრავალი პრობლემის მოგვარებისკენ ღიად გაჟღერებულა. იგი საქველმოქმედო ინიციატივების, კამპანიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერადაც გვევლინებოდა. ვესტვუდი თავად იყო ინიციატორი “კლიმატის რევოლუციის” კამპანიის და “გრინპისის” (მწვანე მშვიდობა) ელჩი. 2013 წელს, ვივიენმა შექმნა ლოგო, წარწერით “გადაარჩინე არქტიკა,” 2015 წელს კი, ამ ტერიტორიაზე ბურღვისა და სამრეწველო თევზაობის შეწყვეტისთვის გლობალური კამპანია წამოიწყო. მის საზრუნავს წარმოადგენდა ნახშირბადის ემისია და ნარჩენებიც. სამოსს არა დღევანდელობაში დანერგილი გარემოზე უარყოფითი ეფექტის მქონე მოდელის გამოყენებით, არამედ უფრო მცირე მასშტაბის, ტრადიციული საშუალებების გამოყენებით აწარმოებდა. იგი ეხმარებოდა დამოუკიდებელ, პატარა, მაგრამ განსწავლულ ბიზნესებს და პროცესში თანამშრომლობდა როგორც ევროპელებთან, ისე ინდოელებთან და აფრიკელებთან. გასული ათწლეულის დასაწყისში, “ეთიკური მოდის ინიციატივასთან” (EFI) თანამშრომლობით, მან კენიაში აქსესუარების ხაზის წაარმოებაც დაიწყო.
“დამზადებულია კენიაში” ეტიკეტით გამოშვებული პროდუქტები, ადგილობრივი, საქმეში დაოსტატებული ქალებისა თუ კაცების მიერ ხელით, პრემიუმ მასალების გამოყენებით იქმნება. მასალების 90%, რომლებიც მოდის სახლის Ready-to-Wear კოლექციების შესაქმნელად გამოიყენება, წარმოადგენს ფართოდ გამოყენებადის ალტერნატივას, რომლებსაც როგორც კლიმატისთვის, ისე ბუნებისთვის და ხალხისთვის, არასაზიანო და მეტი სარგებლის მომტანია. სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ ამიტომაც Dame Vivienne Westwood მუდამ დარჩება ბრწყინვალე ბრიტანელ დიზაინერად, აქტივისტად და საკულტო პიროვნებად. “მე მოდის დიზაინერი და აქტივისტი ვარ. ყველას მოგეხსენებათ რასაც ვაკეთებ, მე მოდას აქტივიზმისთვის ვიყენებ, რომელიც კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ არის მიმართული,” – თქვა ერთხელ ვივიენმა.

© Vivienne Westwood
Vivienne Westwood-ის ახალი კოლექციის ჩვენება, 30 სექტემბერს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ Sense Concept Store-ს დამფუძნებლები. მეტიც, პარიზამდე ბრენდმა სტუმრებს მილანში გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზეც უმასპინძლა, რომელიც ბრენდის საკულტო მაღაზიის რენოვაციას და გახსნასაც დაემთხვა, მათ შორის იყვნენ გამორჩეული პარტნიორები საქართველოდან, Sense Concept Store-ს სახით. რაც შეეხება პარიზში წარმოდგენილ ახალ კოლექციას, ვივიენის პარტნიორი, ანდრეას კრონთალერი წლების განმავლობაში ერთობლივად შექმნილ არქივულ კოლექციებს და ვივიენის პირად სამოსს დაეყრდნო, რათა მათი ახლებურად წარმოჩენის გზით, ლეგენდარული დიზაინერის შემოქმედებითი მემკვიდრეობისთვის, პიროვნებისთვისა და კარიერისთვის პატივი მიეგო. ეს იყო შესანიშნავი, მშვენიერი ფორმით გამოხატული პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ანდრეასმა 34 წლის წინ გაიცნო და მასთან როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობა დაამყარა, რომელიც ვივიენის სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ შენარჩუნდა.
ჩვენება ვივიენის შვილიშვილმა დახურა. კორა კორს ეცვა საქორწინო კაბა, რომელიც 2012 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია – “ომი & მშვიდობაზე” წარმოდგენილ კორსეტიან დიზაინს იმეორებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შოუზე ვიხილეთ ქართული სამოდელო ინდუსტრიის ვარსკვლავი, მატილდა გვარლიანიც.



© Vogue Runway / Gorunway.com / Carlo Scarpato
Vivienne Westwood-ის კოლექციების შეძენა შესაძლებელია Sense Concept Store-ში, რომელიც “სითი მოლი საბურთალოს” პრემიუმ სივრცეში მდებარეობს.