Lanvin-ს ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჰყავს. ის პიტერ კოპინგი გახლავთ, რომელიც 135 წლიანი ისტორიის მქონე ფრანგულ მოდის სახლში პასუხისმგებელი იქნება როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციებზე. პიტერი პირველია, ვინც ამ თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც 2023 წლის აპრილში ბრუნო სიალელიმ შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.
“ჟანა ლანვინი თავისი დროის მეოცნებე იყო, რომლის ინტერესები და მისწრაფებები მოდას სცდებოდა, ჩემ შემთხვევაშიც ასეა,” – განაცხადა მან.” Lanvin-ის შემოქმედებით დირექტორად არჩევას და ამ საკულტო მოდის სახლისთვის მის ატელიესთან და გუნდათ ერთად მომდევნო თავის დაწერის შესაძლებლობის ქონას უდიდეს პატივად მივიჩნევ.”
ბრიტანელი დიზაინერი Lanvin-ში Balenciaga-დან გადადის, სადაც 2022 წლიდან სპეციალურ პროექტებსა და VIP ატელიეს ხელმძღვანელობდა. თუმცა მანამდე ის კრეატიული დირექტორის თანამდებობას ჯერ Nina Ricci-ში, შემდეგ კი Oscar de la Renta-ში იკავებდა. ოსკარ დე ლა რენტამ პიტერს საკუთარი ბრენდის შემოქმედებითი სადავეები თავად გადააბარა.

პიტერ კოპინგი Oscar de la Renta-სთვის © Kathy Willens / Associated Press
პიტერმა განათლება ლონდონში, Royal College of Art-სა და Central Saint Martins-ში მიიღო. რამდენიმე წლის განმავლობაში ის Sonia Rykiel-ის დიზაინ სტუდიაში მუშაობდა, სანამ 1997 წელს მარკ ჯეიკობსის პირველი ასისტენტი გახდებოდა, როდესაც ამერიკელი დიზაინერი Louis Vuitton-ის ready-to-wear ხაზზე გახდა პასუხისმგებელი. Louis Vuitton-ში პიტერი 2009 წლამდე დარჩა, სანამ Nina Ricci-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნებოდა. 5 წლის შემდეგ კი იმავე როლი Oscar de la Renta-ში მოირგო. აღსანიშნავია, რომ Lanvin-ის ამბის ნაწილია ოსკარ დე ლა რენტაც, რომელიც ანტონიო კასტილოს ასისტენტი იყო. ჟანა ლანვინის გარდაცვალების შემდეგ ანტონიო ფრანგულ მოდის სახლს 1950-იდან 1962 წლამდე განაგებდა. Lanvin-ის მომდევნო კრეატიული დირექტორი ჟიულ-ფრანსუა კრაე, რომელიც ბრენდში 20 წლის განმავლობაში დარჩა, პიტერის მსგავსად, Nina Ricci-შიც საქმიანობდა, სადაც იმავე პოზიციას 1952 წლიდან, 11 წლის განმავლობაში იკავებდა.
დიზაინერმა Oscar de la Renta 2016 წელს დატოვა. Balenciaga-ს გუნდს ის 2021 წელს შეუერთდა, რათა ხელახლა გამოშვებულ ოტ კუტიურ ხაზს გაძღოლოდა.
Lanvin-ში მუშაობას პიტერი სექტემბერში დაიწყებს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება.