ქარდი ბი წლების განმავლობაში Met Gala-ს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა, მისი ყველა ლუქი უდავოდ დასამახსოვრებელია, გრანდიოზულობით, თეატრალურობითა თუ თემატიკაზე მორგებით. ამიტომ, 2024 წლის დრამატული შავი კაბა სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. თუმცა, ქარდის სიურპრიზი არა კოსტიუმში, არამედ მისი დიზაინერის ვინაობაში აღმოჩნდა.
ქარდი ყოვლთვის თანამშრომლობს დიდ, ცნობილ დიზაინერებთან, მათ შორის არიან თომ ბრაუნი, ჯერემი სკოტი (Moschino), დონატელა ვერსაჩე, და ა.შ. გარდა 2023 წლისა, როდესაც რეპერის კოსტიუმი ჩინელმა დიზაინერმა ჩენ პენგმა შექმნა. წელს კი, ქარდიმ არჩევანი ნიშურ ბრენდზე, Windowsen-ზე შეაჩერა, რომლის მიღმაც ახალგაზრდა ჩინელი დიზაინერი სენსენ ლია. ლიმ Windowsen 2019 წელს, ანტვერპენში დააარსა და მოდის ვიწრო წრეებში სახელი ფუტურისტული და ინტერგალაქტიკური დიზაინებით მალევე გაითქვა.
WWD-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, სენსენმა ქარდის ლუქზე მუშაობის პროცესზე ისაუბრა, “ყველაფრისთვის 2 თვე დაგვჭირდა, ჩვენს ატელიეში ყველა დღე და ღამე მუშაობდა, რათა დროულად დაგვესრულებინა კაბა (რომლის შესაქმნელადაც 3000 მეტრი ორგანზა გახდა საჭირო).” ქარდისთან თანამშრომლობის ფარგლებში ლი ნიუ-იორკს მეორეჯერ ეწვია, “პირველად აქ 2018 წელს ჩამოვედი, მაშინ ჯერ კიდევ ვსწავლობდი. [ნიუ-იორკი] ნამდვილად განასახიერებს “ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს”, თუმცა ჩემთვის ეს მთელი ღამე მუშაობას ნიშნავს.”
სენსენი ანტვერპენში განათლების მისაღებად ჩავიდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მის ავანგარდულ ხედვას Royal Academy of Fine Arts-ის ტრადიციული მიდგომა ვერანაირად ვერ შეეწყობოდა და მალევე დატოვა აკადემია. პანდემიით გამოწვეული მოკლევადიანი ჰიტაუსის შემდეგ, მან Windowsen-ის პირველი ჩვენება შანხაის მოდის კვირეულზე 2021 წელს წარადგინა და პირველივე დღეებიდან გაიჩინა A-list კლიენტები, მაგალითად ჩინელი მსახიობი ფან ბინგბინგი, რომელსაც მალევე შეუერთდნენ მადონა, Charli XCX, რიანა, Blackpink, Grimes და ა.შ.
2021 წელს ლიმ Vogue-თან საუბარში აღნიშნა, “მსურს სხვა განზომილების შექმნა – ალტერნატიული რეალობის, რომელშიც მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. არანაირი განსჯა თუ საზღვრები, მხოლოდ სამყარო, რომელშიც ყველას აქვს თავისუფლება იყოს საკუთარი თავი.”