მეტროპოლიტენის მუზეუმში ჩატარებული საღამოს ყურადღების ცენტრში თითქმის ყოველთვის ქალები არიან, წელს აღნიშნული პატივი ზენდეიას ერგო. თუმცა, ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, ყველა აალაპარაკა – რომაელი იმპერატორის კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა (თითქმის) არავინ იცოდა.

გაიცანით 31 წლის ნორვეგიელი მილიარდერი გუსტავ მაგნარ ვიტზო. ის 1993 წელს ფროიაში დაიბადა, ბიზნესმენების ოჯახში. მამამ, გუსტავ უფროსმა, 1991 წელს ორაგულის ფერმა SalMar გახსნა, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორაგულის ფერმაა მსოფლიოში. გუსტავი ჯერ კიდევ 18 წლის იყო, როდესაც SalMar-ის მმართველობის უდიდესი წილი გადაიბარა, 25 წლის ფორბსის სიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა და 2024 წლის მონაცემებით, მისი კაპიტალი 3.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ოჯახური ბიზნესის გარდა, ვიტზო სტარტაპებსა და უძრავ ქონებაში დებს ინვესტიციებს, მათ შორის არის MGM Property, Keybutler და Gopi.

აღსანიშნავია, რომ გუსტავი Met Gala-ს პირველად არ დასწრებია, ის ღონისძიებაზე შარშანაც ვიხილეთ, თუმცა წლევანდელი გამოჩენა მისი პირველი “გახმაურებული” წითელი ხალიჩიას მომენტი იყო. გუსტავს მისთვის სპეციალურად შექმნილი, რომის იმპერიით შთაგონებული Versace ეცვა. რაც შეეხება მის გადაკვეთას მოდის ინდუსტრიასთან, ის ნიუ-იორკში თომ ბრაუნის შემოდგომა/ზამთარი 2023-ის ჩვენებაზე გამოვიდა, იყო ნიდერლანდური Numero-ს, Schon! Magazine-ისა და ნორვეგიული Elle-ის ყდებზე.

მის პირად ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი, მიუხედავად დიდი ინტერესისა, ახალგაზრდა მილიარდერზე ყვითელ პრესაშიც კი არაფერი მოიპოვება.