ქალის თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების და პარფიუმერიის ამერიკულმა კომპანია “ვიქტორია სეკრეტმა” ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა. 9 სექტემბრიდან, ბრენდს ჰილარი სუპერი უხელმძღვანელებს. როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, Victoria’s Secret კვლავ აქტიური რებრენდინგის ფაზაში იმყოფება. გამომდინარე აქედან, სიახლეები ბრენდში არსებულ ცვლილებებზე რუტინულიც კი გახდა. თუმცა ჰილარი სუპერის წარდგენამ მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საქმე იმაშია, რომ ჰილარი რიანას ბრენდის, Savage x Fenty-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი იყო. 

Savage x Fenty -ის დაარსების შემდეგ, ინტერნეტ მომხმარებლები ხშირად ადარებდნენ რიანას ბრენდს და Victoria’s Secret -ს. ხაზგასასმელია პერიოდიც, მაშინ, როდესაც რიანა საკუთარ ბიზნესს იწყებდა, “ვიქტორია სეკრეტი” მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ნაკლებობის გამო კრიტიკის სამიზნე იყო. ინტერნეტში ხშირად წაიკითხავდით აზრს, რომ Victoria’s Secret -ს სჭირდებოდა Savage x Fenty -ის მიდგომები და ღირებულებები წარმატებული რებრენდინგისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, Victoria’s Secret ჰილარი სუპერს ხელფასის სახით 18 მილიონ დოლარს გადაუხდის.