Victoria’s Secret ჩვენებას კვლავ გამართავს და როგორც გვპირდებიან, ის იმაზე მასშტაბური და ინკლუზიური იქნება, ვიდრე ოდესმე.

ამ ეტაპზე უცნობია სად და როდის გაიმართება შოუ, თუმცა მისი პროდიუსერები, რომლებიც უკვე დიდი ხანია Victoria’s Secret-ის აღმასრულებლები არიან, ღიად საუბრობენ, რომ ეს ვერსია იქნება ისეთი, როგორიც მაყურებლებს აქამდე ჯერ არ უნახავთ.

მასზე პასუხისმგებლობა ქალებს, ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელ ჯენი შაფერსა და აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტ სარა სილვესტერს ეკისრებათ.

WWD-სთვის მიცემულ ინტერვიუში მათ შოუს დეტალები გაამჟღავნეს და ისაუბრეს განსხვავებებზე, რომლებიც პოდიუმზე იქნება წარმოდგენილი.

“გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენი ბიზნესი სხვა ეტაპზე გადავიდა და ძალიან შეიცვალა. გვჯერა და გვწამს ბრენდის ამჟამინდელი მდგომარეობის,” – განაცხადა ჯენიმ. “ჩვენ იმ ყველაფრის ჩვენება გვინდა, რაც გავაკეთეთ. ჩვენ გვყავს სუპერ ფანები გვყავს, რომლებიც გვეუბნებიან: “ზუსტად ის დააბრუნეთ, რაც იყო. იგივე მოდელი გამოიყვანეთ, არაფერი შეცვალოთ!”

მაგრამ ცვლილებები გარდაუვალია. “შოუ იმაზე უფრო მასშტაბური იქნება და იმაზე უკეთესი, რაც აქამდე გინახავთ,” – აღნიშნა მან.

სარას თქმით კი, Victoria’s Secret “მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დანერგვას ცდილობს ყველაფერში, რასაც აკეთებენ დაწყებული პოდიუმიდან, დამთავრებული ბიზნეს საქმიანობით.

“ეს გასული წლების განმავლობაში მომხდარი ჩვენი ტრანსფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია,” – ამბობს ის. “შოუზე ეს ყველაფერი გამოჩნდება.”

Victoria’s Secret-ის 2018 წლის შოუ (c) Elle

Victoria’s Secret-ის ბოლო შოუ 2018 წელს გაიმართა. იმ პერიოდში ბრენდი L Brands-ის შემადგენლობაში შედიოდა. 2020 წელს ბრენდის მიმართ სხვადასხვა შემაშფოთებელი ბრალდება გაისმა, მათ შორის ბულინგი და სექსუალური შევიწროება. ბრენდის ყოველწლიური სატელევიზიო შოუ გაუქმდა და მისმა დიდი ხნის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ედ რაზეკმა თანამდებობა დატოვა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოების მხრიდან მის მიმართ კრიტიკული შეფასებები გაისმა იმასთან დაკავშირებით, რომ უარს ამბობდა ტრანსგენდერებისა და პლუს ზომის მოდელების დაქირავებაზე.