სტრიმინგ სერვის Hulu-ზე Victoria’s Secret-ის შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა. The Rise and Fall of Victoria’s Secret – ასე ჟღერს დაანონსებული სერიალის სახელწოდება, რომელიც საინტერესო ისტორიას მიმოიხილავს. სერიალი ქრონოლოგიურად აღწერს “ვიქტორია სიქრეთის”, როგორც ბიზნესის საწყის ეტაპს და მის დიდ იმპერიად გადაქცევის პროცესს. ასევე ბოლოდროინდელ წარუმატებლობას, რომელიც ბრენდის მასშტაბური შოუების გაუქმებით გამოიხატა, ფინანსურ კრიზისში გადაიზარდა და საბოლოოდ მისი 55%-იანი წილის გაყიდვით დასრულდა. ფილმზე რეჟისორი და Vanity Fair-ის ყოფილი სპეციალური კორესპონდენტი მეტ ტირნაუერი (Matt Tyrnauer) მუშაობს.
The Rise and Fall of Victoria’s Secret-ის პრემიერა 2022 წელს იგეგმება. როგორც საერთაშორისო მედიაში იწერება, ეს ნამუშევარი შესაძლოა საკმაოდ სკანდალური პროექტიც აღმოჩნდეს, რადგან მასში ბევრი უცნობი დეტალი გამჟღავნდება, რომელიც მაყურებლისათვის აქამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო.
Victoria’s Secret 1977 წელს დაფუძნდა, როგორც ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანია. მისი პროდუქციის შეძენა წინასწარი შეკვეთით იყო შესაძლებელი. დროსთან ერთად, ბრენდმა წარმატება მოიპოვა და დიდ ინდუსტრიად იქცა. 1995 წელს მისმა ხელმძღვანელებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ყოველწლიური სანახაობრივი შოუების გამართვა დაიწყეს. ბრენდის სპეციალურ კოლექციას, მუსიკალური გაფორმების თანხლებით, რჩეული მოდელები და ე.წ “ანგელლზები” წარადგენდნენ. ვიქტორია სიქრეთის შოუ 2000 იანების პოპ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ ჩვენებაზე ახალბედა მოდელის გამოჩენა ნიშნავდა, რომ მას მოდის ინდუსტრიაში და ვარსკვლავურ სამყაროში გზა ხსნილი ჰქონდა და ხშირ შემთხვევააში, წარმატებული სამოდელო კარიერაც ელოდა. ამ დროისათვის, უკანასკნელი შოუ 2018 წელს გაიმართა და არსებული რეიტინგით, მაყურებელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად შემცირებული აღმოჩნდა. 2019 წელს შოუ აღარ გამართულა. საინტერესო ისტორიებთან ერთად, აღნიშნულ დოკუმენტურ სერიალში მაყურებელი სწორედ ამ მოვლენების ანალიზს და შეფასებებს იხილავს.