ნაომი ქემბელი 1990-იანი წლების ის სუპერმოდელია, რომელიც დღემდე აქტიურ კარიერას აგრძელებს და მოდის კვირეულების ფარგლებში თითქმის ყველა წამყვანი მოდის სახლის ჩვენებაზე გამოდის. ამჯერად მოდელის კარიერას ლონდონის Victoria & Albert Museum გამოფენას უძღვნის. გამოფენა, სახელწოდებით NAOMI მოდელის ცხოვრებას და სამოდელო მოღვაწეობას წარმოაჩენს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა Victoria & Albert Museum ექსპოზიციას მოდელს უძღვნის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კოსტიუმები ქემბელის პირადი გარდერობიდან, ასევე 100 ლუქი, რომლებიც მოდელმა სხვადასხვა დროს პოდიუმზე მოირგო. ამ ლუქებს შორისაა Alexander McQueen-ის, Chanel-ისა და Vivienne Westwood-ის მოდის სახლები. აღსანიშნავია, რომ ექსპოზიცია მოიცავს Vivienne Westwood-ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომლით გამოსვლის დროსაც ნაომი პოდიუმზე წაიქცა.
„ნაომი ქემბელის არაჩვეულებრივი კარიერა საუკეთესოდ წარმოაჩენს მაღალ მოდას. ის მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სუპერმოდელი, აქტივისტი, ქველმოქმედი და შემოქმედებითი ადამიანი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცევს თანამედროვე კულტურაში. მოხარული ვართ, რომ ნაომისთან თანამშრომლობით მის კარიერას აუდიტორიას ამ ფორმით წარვუდგენთ“ – აღნიშნავს განცხადებაში სონეტ სტენფილი, V&A-ს მოდის მიმართულების უფროსი კურატორი.
სიახლის გავრცელების შემდეგ, გამოფენას თავად ნაომიც გამოეხმაურა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში სუპერმოდელმა განაცხადა, რომ მისთვის V&A-სთან თანამშრომლობა დიდი პატივია.
გამოფენა სახელწოდებით NAOMI ლონდონის Victoria & Albert Museum-ში 2024 წლის 22 ივნისს გაიხსნება და 2025 წლის 6 აპრილამდე გაგრძელდება.