გასულ თვეს გურამ გვასალიამ ახალი ბრენდის და “საიდუმლო პროექტის” შექმნის შესახებ განაცხადა, გამოშვების თარიღად კი 22 ივლისი დაასახელა.
სპეციალურად ამ პროექტისადმი მიძღვნილ ინსტაგრამ პროფილზე, ასევე Vetements-ისა და გვასალიას ოფიციალურ ანგარიშებზე ხვალ, საღამოს 7:30 საათზე, პარიზში ახალი ბრენდის პირველი კოლექციის ჩვენება დაანონსდა, სახელწოდებით “xxx.” ბრენდის სახელი და კოლექციის ფოტოები ექსკლუზიურად @vetements_secret_project-ზე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, გურამმა ჩამოაყალიბა Gvasalia Family Foundation, რომელთან დაკავშირებითაც დამატებითი დეტალები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც ცნობილია, ის არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ მოდაზე და გააერთიანებს განსხვავებული კონცეფციის კომპანიებს, რომლებსაც ვეტმანისგან დამოუკიდებელი მდებარეობა, გუნდი, ისტორია და მიმართულება ექნება.
“ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ბრენდი, ეს ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. შევქმენით “Gvasalia Family Foundation” და ვიწყებთ ექსპერიმენტულ პროექტს. ეს იქნება მრავალსპექტრიანი პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომელიც იმედია, რომ ერთ დღეს კონგლომერატების ტრადიციულ სტრუქტურას შეცვლის,“ – აღნიშნა მან.