სტატიას წარმოგიდგენთ Mastercard
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო კინოფესტივალს 2024 წელს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავდა. 28 აგვისტოდან ვენეციაში, წითელ ხალიჩაზე საზოგადოებისთვის ცნობილი, აღიარებული და პატივსაცემი არაერთი ფიგურა წარდგა. ფილმები განხილვის საგნად იქცა, პრემიერებს კი, ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა. ვენეციის კინოფესტივალის წარმდგენი ამჯერადაც Mastercard გახლდათ.
ვენეციის 81-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები 7 სექტემბერს გამოვლინდნენ. კინოფესტივალის მთავარი პრიზი “ოქროს ლომი” პედრო ალმოდოვარის ფილმმა “მეზობელმა ოთახმა” დაიმსახურა. ესპანელი რეჟისორის პირველ ინგლისურენოვან ნამუშევარში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები ტილდა სუინტონი და ჯულიანა მური ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი კი, ორი პერსონაჟის – ინგრიდისა და მართას გარშემო ვითარდება. ისინი თავიანთი კარიერის ადრეულ ეტაპზე ნიუ-იორკში ერთი და იმავე ჟურნალისთვის მუშაობდნენ და მეგობრობდნენ. წლების შემდეგ, ინგრიდი ნოველების ბესტსელერი ავტორი ხდება და დაკარგულ კავშირს აღადგენს მართასთან, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.
“მეზობელი ოთახის” ჩვენებას ვენეციაში ყველაზე ხანგრძლივი, 17 წუთიანი ოვაციები მოჰყვა. მსახიობები პრემიერას რეჟისორთან ერთად დაესწრნენ. ტილდას Chanel-ის ოტ კუტიურ კოლექცია ეცვა, ჯულიანას – Bottega Veneta-ს ოქროსფერი კაბა, რაც შეეხება თავად რეჟისორს, ის Loewe-ს ვარდისფერ პიჯაკითა და შარვლით ვიხილეთ. ამ არჩევნით პედრო ალმოდოვარი წითელ ხალიჩაზე სტილის მოულოდნენ ვარსკვლავად იქცა.
საუკეთესო რეჟისურისთვის “ვერცხლის ლომი” ბრედი კორბეტს გადაეცა, ფილმისთვის “ბრუტალისტი.” ფილმი უნგრელ ებრაელი არქიტექტორის და ჰოლოკოსტს გადარჩენილი ლასლო ტოტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკაში გადადის საცხოვრებლად და მისი, როგორც ემიგრანტის თავგადასავალზე კონცენტრირდება. სამსაათნახევრიან კინოსურათში მთავარ როლებში ედრიენ ბროუდი და ფელისიტი ჯონსი გვევლინებიან. მის ჩვენებას 12.5 წუთიანი ოვაციები მოჰყვა. ფილმმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა, კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს ედრიენის სამსახიობო ოსტატობა.
ნიკოლ კიდმანი საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოს, “კოპა ვოლპის,” მფლობელი გახდა, რომელიც “პატარა გოგოში” შესრულებული როლისთვის გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრემიერაზე, ნიკოლი Schiaparelli-ს მძივებით გაფორმებულ, ხავერდის მდიდრულ კაბაში ვიხილეთ.
მსახიობმა დაჯილდოვების ცერემონიაზე დასწრება დედის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო, ამიტომ მის ნაცვლად ჯილდოს მისაღებად სცენაზე ფილმის რეჟისორი ავიდა. “პატარა გოგო” გავლენიან აღმასრულებელზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ოჯახსა და კარიერას საფრთხეს უქმნის, როდესაც მასზე ბევრად ახალგაზრდა ინტერთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს.
წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებულებს შორის ასევე არიან: ვენსან ლინდონი, რომელმაც საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო “კოპა ვოლპი” “JOUER AVEC LE FEU”-ში შესრულებული როლისთვის მიიღო; პრიზი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცათ მურილო ჰაუზერს და ეიტორ ლორეგას ფილმისთვის – “AINDA ESTOU AQUI”; “ვერცხლის ლომი” – ჟიურის დიდი პრიზი წარედგინა მაურა დელპეროს “ვერმილიოსთვის”; საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის კატეგორიაში მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდოს მფლობელი “LEURS ENFANTS APRÈS EUX”-ში შესრულებული როლისთვის პოლ კირშერი გახდა; და რაც ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა, ვენეციის 81-ე კინოფესტივალის გამარჯვებულებს შორის ქართველი რეჟისორიც დასახელდა.
ვენეციის 2024 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის – “აპრილი” დეა კულუმბეგაშვილს გადაეცა. ქართველ რეჟისორს ჯილდო ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა და ვენეციის 81-ე კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარემ იზაბელ იუპერმა წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ჯილდოს გადაცემის მომენტში, იუპერს ქართველი დიზაინერის, დემნას Balenciaga-სთვის შექმნილ თეთრი კაბა ემოსა.
დეა კულუმბეგაშვილის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: ია სუხიტაშვილი, მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი. სიუჟეტი მეანი ქალის, ნინას გარშემო ვითარდება, რომელსაც ია სუხიტაშვილი განასახიერებს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული კანონისა, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას პირველი 12 კვირის შემდეგ კრძალავს, იგი თანასოფლელებს ფარულად უკეთებს აბორტს. კინოსურათმა არაერთი გავლენიანი გამოცემის დადებითი შეფასება დაიმსახურა. “აპრილის” პრემიერა კინოფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქნა მიჩნეული.
საპატიო ჯილდოს მისაღებად დეა სცენაზე Prada-ს კაბაში გამოწყობილი წარდგა. როგორც The Guardian-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, “აპრილს” შესაძლოა დამსახურებულად მიეღო “ოქროს ლომის” პრიზი.
კინოფესტივალის ფარგლებში სხვა არაერთი რეზონანსული ფილმის პრემიერაც შედგა. მათ შორის არის “ბითლჯუსი ბითლჯუსი,” რომელიც 1988 წელს გამოსული ფილმის, “ბითლჯუსის” მეორე ნაწილი გახლავთ. ახალ ნაწილში ორიგინალ სამსახიობო შემადგენლობას ახალი სახეები დაემატნენ, მათ შორის – მონიკა ბელუჩი და ჯენა ორტეგა. ორიგინალი ქასთიდან კი, ეკრანებზე ვაინონა რაიდერი და კეტრინ ო’ჰარა გამოჩნენ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა წითელ ხალიჩაზე Tamara Ralph-ის კაბაში შემოსილი ანჯელინა ჯოლის გამოჩენას, რომელიც პაბლო ლარაინის ბიოგრაფიულ ნამუშევარში “მარია” მთავარ როლს ასრულებს. მსახიობი ფილმში საოპერო ლეგენდას, მარია კალასს, განასახიერებს. ბიოგრაფიულ ნამუშევარს კინოფესტივალის აუდიტორიისგან 8 წუთიანი ოვაციები მოჰყვა.
საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო ჯორჯ კლუნის და ბრედ პიტის დუეტმაც. ისინი კვლავ გაერთიანდნენ, რათა ჯონ უოტსის რეჟისორობით გადაღებულ ფილმ “მგლებში” მიეღოთ მონაწილეობა. კომედიურ თრილერში მათი პერსონაჟები დაქირავებული პირები არიან, რომლებიც დიდი მნიშვნელობის კრიმინალური დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. გახმაურებულ პრემიერებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ტოდ ფილიპსის “Joker: Folie À Deux”-ს. ფილმი 2019 წელს გამოსული Joker-ის გაგრძელებაა. ჯოკერის როლის შესრულებისთვის ხოაკინ ფენიქსმა 2020 წელს ოსკარიც დაიმსახურა. მეორე ნაწილში ხოაკინს პარტნიორობას ლედი გაგა უწევს, რომელიც ჰარლი ქვინს განასახიერებს. წითელ ხალიჩაზე, ლედი გაგა Dior-ის შავი კაბით და ფილიპ თრეისის დრამატული ვინტაჟური თავსაბურავით გამოჩნდა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კინოსურათის მეორე ნაწილი, პირველისგან განსხვავებით, მიუზიკლია. წარმატებული პრემიერის მიუხედავად, ფილმს დადებითთან ერთად, კრიტიკული შეფასებებიც მიეძღვნა.
კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ფილმი, რომლის პრემიერაც ვენეციის წლევანდელი კინოფსეტივალის ფარგლებში შედგა, არის ლუკა გუადანინოს “ქვიარი.” მასში მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და დრიუ სტარკი ასრულებენ. იტალიელი რეჟისორის ახალი ნამუშევარი უილიამ სიუარდ ბეროუზის ამავე სახელწოდების 1985 წელს გამოცემულ რომანს ეფუძნება. ფილმში მოქმედება 1940-იანი წლების მექსიკაში ვითარდება. ის ემიგრაციაში მყოფი ამერიკელი კაცის, უილიამ ლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ჯეიმს ბონდის როლის შესრულებით ცნობილი მსახიობი დენიელ კრეიგი განასახიერებს. უილიამის პერსონაჟი ალკოჰოლზეა დამოკიდებული, თუმცა მისი ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ბიჭს გაიცნობს. ვენეციაში ფილმმა 9 წუთიანი ოვაციები დაიმსახურა.
ვენეციის 81-ე კინოფესტივალთან დაკავშირებით იზაბელ იუპერს ოპტიმისტური რეპლიკა ჰქონდა და კარგად აჯამებს მის მნიშვნელობას: “კინო კარგ ფორმაშია.” კინოფესტივალმა ტრიუმფით ჩაიარა და ის კინო მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი იყო.