1995 წლიდან, ჟურნალი Vanity Fair ერთ ნომერს ჰოლივუდური და სატელევიზიო ინდუსტრიის იმ ვარსკვლავებს უძღვნის, რომელთა კარიერა წლის განმავლობაში განსაკუთრებით წარმატებული იყო. ნომრის გამოცემა წინ უძღვის კინო დაჯილდოებების სეზონს. ამჟამად, Vanity Fair-მა თავისი რიგით 27-ე ‘Hollywood Issue’ წარადგინა.

გთავაზობთ Vanity Fair Hollywood Issue-ს სრულ ფოტოსესიას.
ზენდეია – EUPHORIA, MALCOLM & MARIE

2020 წელი ზენდაიას კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. სექტემბერში მან სატელევიზიო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, Emmy მიიღო სერიალ “ეიფორიაში” შესრულებული როლისათვის. ამ გამარჯვებით, 24 წლის მსახიობმა ისტორია შექმნა, რადგან მას კონკურენციას ისეთი ვარსკვლავები უწევდნენ, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი, ლორა ლინი… მეორე მნიშვნელოვანი პროექტი კი რომანტიკული დრამა Malcolm & Marie აღმოჩნდა. ნეტფლიქსის ფილმი, რომელზეც ასევე Euphoria-ს შემქმნელმა ჯონ ლევინსონმა იმუშავა. ლოქდაუნის პერიოდში, საიდუმლოდ და სპონტანურად შექმნილმა ამ პროექტმა, ზენდეიას სამსახიობო შესაძლებლობები მაყურებელს კიდევ უფრო ახალი კუთხით წარუდგინა.

შარლიზ თერონი – THE OLD GUARD

გასულ წელს მაყურებელმა შარლიზ თერონის მონაწილეობით ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იხილა. NETFLIX-ისათვის გადაღებულ კინოსურათში, მსახიობმა უკვდავი მებრძოლის როლი შეასრულა. შარლიზ თერონს პირველად არ ვხედავთ განსაკუთრებული საბრძოლო შესაძლებლობების მქონე პერსონაჟის როლში, თუმცა, THE OLD GUARD იმით არის განსაკუთრებული, რომ თერონი არა მხოლოდ მთავარო როლის შემსრულებელი, არამედ მთავარი პროდიუსერი და კინოსურათის შექმნის იდეის ავტორიც არის.

სპაიკ ლი – DA 5 BLOODS, DAVID BYRNE’S AMERICAN UTOPIA

სპაიკ ლი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელიც სარეჟისორო ნამუშევრებით ყოველთვის ძლიერ გზავნილს გადასცემს მაყურებელს. 2020 წელს მისი ორი ახალი ფილმი გამოვიდა. DA 5 BLOODS მხატვრული კინოსურათია, ხოლო DAVID BYRNE’S AMERICAN UTOPIA ტელეარხ HBO-სათვის შექმნილი დოკუმენტური ფილმია, რომელიც მუსიკოს დეივიდ ბრინის შესახებ არის გადაღებული.

საშა ბარონ კოენი – THE TRIAL OF THE CHICAGO 7, BORAT SUBSEQUENT MOVIEFILM

ფილმ “ბორატის” გაგრძელება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო 2020 წლის ჰოლივუდში. სკანდალურმა კინოსურათმა დონალდ ტრამპის ყურადღება და ნეგატიური კომენტარებიც დაიმსახურა. თუმცა, საშა ბარონ კოენისათვის “ბორატის” გაგრძელება არ ყოფილა 2020 წელის ერთადერთი წარმატებული პროექტი. მსახიობმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ისევე შეუდარებელია სატირულ კომედიებში, როგორც დრამატული როლის მორგებისას. Netflix-ის ახალ ისტორიულ დრამაში, HE TRIAL OF THE CHICAGO 7 კოენმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ოქროს გლობუსის 2021 წლის დაჯილდოებაზე მსახიობი ორივე ფილმში შესრულებული როლისათვის სხვადასხვა კატეგორიაშია წარდგენილი.

მაიკლ ბი ჯორდანი – TOM CLANCY’S WITHOUT REMORSE

მაიკლ ბი ჯორდანის სამსახიობო კარიერა არაერთ ფილმს ითვლის, თუმცა, 2020 წელს მან თავის პირველ სარეჟისორო ნამუშევარზე დაასრულა მუშაობა. ჯორდანმა Creed 3-ის რეჟისორის ამპლუაში დენზელ ვაშინგტონთან ერთად იმუშავა.

აკვაფინა – RAYA AND THE LAST DRAGON

ნორა ლუმი, იგივე აკვაფინა პირველი აზიელი მსახიობია, რომელმაც ოქროს გლობუსის 2020 წლის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში – “ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია, ან მიუზიკლი”. გასულ წელს, მან სამსახიობო კარიერა კიდევ ერთ პროექტს დაუკავშირა – საუბარია Disney-ის ხმაურიანად დაანონსებულ ანიმაციაზე სახელწოდებით RAYA AND THE LAST DRAGON, რომელშიც ის მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს.

მაია რუდოლფი – SATURDAY NIGHT LIVE, BIG MOUTH

გასულ წელს, ინტერნეტის ჰიტად იქცა მაია რუდოლფის ხმაურიანი დაბრუნება SNL-ში. კომედიური სკეჩების საკულტო შოუში მან კამალა ჰარისი განასახიერა. გარდა ამისა, 2020 წლის სექტემბერში, მსახიობმა პირველი Emmy მოიპოვა ანიმაციურ კომედიაში BIG MOUTH-ში მონაწილეობისა და პესონაჟის გახმოვანებისათვის.

მაკეილა კოელი – I May Destroy You

მაკეილა კოელი ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია, რომლის სახელთან HBO-ს და BBC-ის ერთობლივი გახმაურებული სერიალი – I May Destroy You არის დაკავშირებული. სერიალმა თითქმის ყველა საერთაშორისო მედიის გამოხმაურება და დადებითი რეცენზიები გამოიწვია. ეს არის დრამა, რომელიც სექსუალური ძალადობის, ბულინგისა და სხვადასხვა სოციალური, თუ ფსიქოლოგიური ტრავმების შესახებ უყვება მაყურებელს. მაკეილა, შეიძლება ითქვას, სერიალის ერთპიროვნული შექმნელია – ის არის რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი, სცენარისტი და თავად მთავარი როლის შემსრულებელიც კი. მაკეილას არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა, აღსანიშნავია რომ ოქროს გლობუსის 2021 წლის ნომინანტებს შორის ვერც ის და ვერც მისი პროექტი ვერ მოხვდა. სწორედ ამ სერიალის უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა საერთაშორისო მედიამ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია, რომელიც ოქროს გლობუსის ნომინაციებს ასახელებს.

ლაკით სტენფილდი – JUDAS AND THE BLACK MESSIAH, BOJACK HORSEMAN

Vanity Fair Hollywood Issue-ის ერთ-ერთი გმირია მსახიობი ლაკით სტენფილდი, რომლის მონაწილეობით 2020 წელს ორი ფილმი გამოვიდა. JUDAS AND THE BLACK MESSIAH ისტორიული ბიოგრაფიული დრამაა, რომელიც “შავი პანტერის” პარტიის ლიდერის – რევოლუციონერი ფრედ ჰემპტონის და მისი ღალატით დამხობის ირგვლივ ვითარდება. ლაკით სტენფილდი სწორედ მოღალატე პერსონაჟს განასახიერებს, რომელიც სინამდვილეში FBI-ის ინფორმატორი იყო და კონკრეტული მისიით შეაღწია “შავი პანტერის” პარტიის მოწინავე რიგებში. ლაკით სტენფილდი იმდენად შევიდა როლში, რომ გადასაღებ მოედანზე პანიკური შეტევა დაემართა, მიზეზი კი სწორედ რეალური პერსონის განსახიერების პროცესი აღმოჩნდა.

დენ ლევი – SCHITT’S CREEK, HAPPIEST SEASON

ემის მფლობელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და შოუმენი დენ ლევი Vanity Fair Hollywood Issue-ის 2021 წლის კიდევ ერთი გმირია. ლევის კარიერაში ყველაზე წარმატებული ნამუშევარია Schitt’s Creek, რომელიც მამამისთან ერთად შექმნა. სწორედ ამ კომედიური სერიალისათვის, სემ ლევი 2021 წლის ოქროს გლობუსზეა ნომინირებული.