პარიზთან მდებარე Château de Chantilly-ში პიერპაოლო პიჩოლიმ ახალი ოტ-კუტიურ კოლექცია წარადგინა. ჩვენება ზღაპრულ გარემოში ჩატარდა, ლოკაცია გეომეტრიული ბაღებით იყო გარშემორტყმული, ხოლო მოდელები პოდიუმზე გიგანტური კიბეებით ჩადიოდნენ. სტუმართა რიგებში ანა ვინტური, ბაზ ლურმანი, დონატელა ვერსაჩე, ფლორენს პიუ და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ.

რაც შეეხება კოლექციას, ჩვენების პირველი ლუქი კაია გერბერმა წარადგინა, ოტ-კუტიურისთვის დამახასიათებელი დრამატულობის მაგივრად, მას თეთრი პერანგი და ჯინსი ეცვა, თუმცა ჯინსი ნამდვილი მაღალი მოდის შედევრი იყო – ის ლურჯისა და ცისფერის 80 სხვადასხვა ტონალობის ათასობით მძივისგან შეიქმნა. “მსურდა სპონტანური კოლექცია შემექმნა,” აღნიშნა დიზაინერმა WWD-სთან საუბარში, “მომენტების მოძრაობაში გაყინვის იდეა მქონდა, სიმსუბუქისა და კონსტრუქციის ერთგვარი სინთეზით, მსუბუქი და ჰაეროვანი სამოსი მინდოდა შემექმნა.”

მიუხედავად პირველი ლუქის “უბრალოებისა” და პიერპაოლოს ჩანაფიქრისა, კოლექცია დრამატული მაინც გამოდგა, გრძელი ლაბადებით, მდიდრული პრინტებითა და ტოპ მოდელების ქასთით. ჩვენება ქვეყანაში დაძაბული სიტუაციის მიუხედავად მაინც გაიმართა, აქვე აღსანიშნია, რომ Celine-მა დაგეგმილი ჩვენება არეულობების გამო გააუქმა. ამასთან დაკავშირებით პიერპაოლომ WWD-სთან კომენტარი გააკეთა, “მომწონს, რომ საფრანგეთში ხალხი იბრძვის სიმართლისთვის. თუმცა, ჩემი გუნდისთვის, რომელიც ატელიეში თვეების განმავლობაში მუშაობდა, ეს ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი საქმის კეთებას ვაგრძელებთ.”

სტუმრების წინაშე პიერპაოლო თავის გუნდთან ერთად გამოვიდა, რასაც აუდიტორიის მხრიდან ფეხზე დამდგარი ოვაციები მოჰყვა. მათ შორის იყო ანა ვინტურიც, რომელსაც მსგავსი რეაქცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 5-ჯერ ჰქონდა, მათ შორის შარშან, ასევე პიერპაოლოს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ-კუტიურის ჩვენების ბოლოს.

იხილეთ კოლექცია:

იხილეთ ჩვენება სრულად: