პიერპაოლო პიჩოლის Valentino-სთვის შექმნილი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექცია შატო დე შანტილში იქნება წარმოდგენილი. პარიზიდან ორმოცდაათი კილომეტრით დაშორებულ ამ ისტორიულ ადგილზე იტალიური მოდის სახლი ჩვენებას 5 ივლისს გამართავს. ღონისძიება პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა, რომელიც 3-დან 6 ივლისის ჩათვლით არის დაგეგმილი.
კოლექციის საჩვენებლად შერჩეული გარემო მართლაც გასაოცარია. შატო დე შანტილის ფრანგული ბაღით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი ნაგებობაა განთავსებული – ანა დე მონმორანსისთვის დაახლოებით 1560 წელს აგებული Petit Château და Grand Château, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს განადგურდა და 1870-იან წლებში ხელახლა აიგო. შიგნით, მიხვეულ-მოხვეული დერეფნები და მდიდრულად მორთული ოთახები კი რენესანსის ეპოქის მხატვრობითა და ძვირფასეულობით არის სავსე.
Institut de France-ს მფლობელობაში არსებულ შატოში გამართული იტალიური მოდის სახლის ჩვენება პირდაპირ რეჟიმშიც გადაიცემა. მისი ყურება შესაძლებელი იქნება ონლაინ როგორც Valentino-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე სოციალურ ქსელებში.

Valentino გაზაფხული/ზაფხული 2023 ოტ კუტიური © Valentino
გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ Valentino მამაკაცის კოლექციას დამოუკიდებელ ჩვენებას ისევ დაუთმობს. სამი წლის განმავლობაში იტალიური მოდის სახლის შოუებზე ქალისა და მამაკაცის კოლექციები ერთად იყო წარმოდგენილი. მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენება Università degli Studi di Milano Statale-ში მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს, 16 ივნისს გაიმართება და მისი სახელწოდება “ნარატივები” იქნება.