საღამოს კაბებითა და პლატფორმიანი ფეხსაცმელებით ცნობილი მოდის სახლი ვალენტინო ახალ კამპანიაში საბაზისო სამოსს „აბრუნებს“. თავად კრეატიული დირექტორი, პიერპაოლო პიჩოლი საღამოებზე, საკუთარ ინსტაგრამზე თუ ბრენდის ჩვენებებზე, ყოველთვის კლასიკური შარვალ-კოსტიუმით ჩნდება, ამიტომ, ახალი კოლექცია უჩვეულო ნამდვილად არ ყოფილა.
კოლექცია სახელწოდებით “Maison Valentino Essentials,” როგორც უკვე აღინიშნა, სახლისა და ყოველდღიურ სამოსს მოიცავს; თავისუფალი ზედები, შარვლები და დიდი ზომის ჟაკეტები ვალენტინოს ფუქსია ფერებში, თითქოს, ყოველდღიური ცხოვრების გასაფერადებლად შეიქმნა. კოლექციაში გამოყენებული ფერთა გამაში, პიერპაოლოს ფუქსიის გარდა, შავი და ფოსფორისფერი გვხვდება.
საინტერესო მომენტი აღნიშნულ კამპანიაში მისი შექმნის ამბავია – კამპანია სრულად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიქმნა. პიერპაოლომ Highsnobiety-სთან საუბარში კამპანიასა და კოლექციას “ჩვენი დროის ანარეკლი” უწოდა. “ამ კოლექციით მინდოდა გამეერთიანებინა კუტიური, პიჟამა და მაღალი მოდის ჭრები. ჩემთვის თანამედროვე ადამიანის გარდერობში წესები არ არსებობს, ერთადერთი წესი სწორედ წესების არარსებობაა. ყველაფერი ახლა ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვნების გარშემო ტრიალებს,” – აღნიშნა დიზაინერმა.
კოლექცია რეალურად პიერპაოლოს კუტიურის, მამაკაცის სამოსის ჭრებისა და ქუჩის სტილის გადაკვეთაა. ამასთან, სამოსი გენდერული ნიშნებით გამოკვეთილი არ არის, რაც, პიერპაოლოს თქმით, “[ნივთებს] ახალ მნიშვნელობას სძენს.”
კოლექცია გაყიდვაში ვალენტინოს საიტზე თებერვლიდან ჩაეშვება.