წითელი ძალიან განსაკუთრებული ფერია, რომელიც ბევრს უყვარს, ბევრიც უფრთხის. ის ერთდროულად ასოცირდება ძალაუფლებასთან და სიბრაზესთან, აგრეთვე სილამაზესთან. წითელის ამგვარი ძალა მის სწორად გამოყენებას საკმაოდ ართულებს. სწორედ ამით აიხსნება ის მარტივი მოცემულობა, რომ საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში, რომელშიც უამრავი ნიჭიერი დიზაინერი ქმნის სამოსს, ცოტამ თუ დაგვამახსოვრა თავი წითელი ქმნილებებით. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ვალენტინო გარავანია.

’წითელი კაბა რაღაცის თქმაზე მეტს ნიშნავს, ის სტილის სინონიმია’’

– ვალენტინო გარავანი

ვალენტინოს მოდის სახლის ახალი წიგნი სწორედ წითელ ფერს ეძღვნება. Valentino Rosso (Rosso იტალიური ენიდან ითარგმნება როგორც წითელი) – ამ სახელწოდებით ბრენდმა 304 გვერდიანი ნამუშევარი გამოუშვა, სადაც ჟურნალისტი ჩარლი პორტერი ვალენტინოს 180 წითელ კაბას აღწერს. წიგნის შეძენა შესაძლებელია ბრენდის მაღაზიებში, ან ონლაინ, მისი ფასი 250 ევროს შეადგენს.