უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, Zendaya დისნეის ვარსკვლავიდან, ახალი თაობის გამოკვეთილ მსახიობად იქცა. HBO-ს ჰიტ-შოუში, EUPHORIA-ში მთავარი როლის შესრულების შემდეგ, მსოფლიომ ახალგაზრდა მსახიობი განსხვავებულად დაინახა. მოზარდების შესახებ გადაღებულ თინეიჯერულ დრამაში, ზენდაიამ საინტერესო და დამაჯერებელი პერსონაჟი შექმნა, რისთვისაც 24 წლის ასაკში, Emmy-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა.
კინო ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, მსახიობი პოპულარული გახდა მოდის ინდუსტრიაშიც. 2020 წლის მიწურულს, ზენდაია ვალენტინოს კამპანიის სახედ დასახელდა, თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ვალენტინომდე, ახალგაზრდა ვარსკვლავს უკვე ჰქონდა კონტრაქტები ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Lancôme და Bulgari.
ცნობილი გახდა, რომ იტალიური მოდის სახლი, ვალენტინო აგრძელებს ზენდაიასთან თანამშრომლობას და მსახიობს 2021 წლის კამპანიაშიც ვიხილავთ. პირველი ფოტოები უახლესი რეკლამიდან უკვე გავრცელდა. კამპანია ცნობილმა ფოტოგრაფმა დეივიდ სიმსმა გადაიღო.

“პიროვნების იდენტობა ძლიერი მესიჯის წარდგენის საფუძველია. ზენდაია სრულყოფილად წარადგენს ვალენტინოს ღირებულებებს, როგორებიცაა: თანასწორობა და ინკლუზიურობა. მე ის ავირჩიე, როგორც პიროვნება და არა, როგორც მოდელი,” -ამბობს ბრენდის კრეატიული დირექტორი, პიერპაოლო პიჩოლი.
გასულ თვეს, იტალიაში, არეცოს პროვინციაში მდებარე ვალენტინოს ქარხანა, სადაც ბრენდი თავის პოპულარულ Rockstud-ის მოდელებს აწარმოებდა, დაიწვა. ხანძრის შედეგად, საკულტო პროდუქტის თითქმის 38,000 დასრულებული მოდელი განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სარეკლამო კამპანია, რომელსაც ზენდაია გაუწევს რეკლამას, Rockstud-ის მოდელებსაც დაეთმობა და მის კიდევ უფრო დიდ პოპულარიზაციაზეც იქნება გათვლილი.