მოდის ინდუსტრია ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ ფორმატს, რაც ფიზიკურ ფორმატში გამართულ ჩვენებებთან ერთად, მოგზაურობასაც მოიაზრებს. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ მაღალი მოდის ორი ისტორიული ბრენდი მომდევნო ჩვენებისთვის ვენეციას ეწვევა.
Valentino, პიერპაოლო პიჩოლის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ახალ 2021/2022 წლების შემოდგომა/ზამთრის Haute Couture კოლექციას 15 ივლისს გამართავს. პიჩოლიმ ჩვენებას Valentino Des Ateliers უწოდა.
“ამ უპროცედენტო ჟამს, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას პერიოდული ფიქრების ხელახლა გააზრება და დაგეგმვა იყო, რაც, რა თქმა უნდა, მოიცავდა მომდევნო ოტ კუტიურ შოუს კონცეფციას და მდებარეობს. ზოგადად, ეს პროექტი ძლიერ არის დაკავშირებული თვითონ სახელწოდებასთან. ჩემს შემდეგ Couture კოლექციას Valentino Des Ateliers ერქმევა – საკუთარი თავი გამოვიწვიე განსხვავებული შემოქმედებითი რესურსების, გონების და სულის ერთიანი სიმფონიის ორკესტრირებაში. მთელმა ამ ენერგიამ კი, ჩემი ხედვა ვენეციისკენ მიმართა, ”- განმარტავს პიჩოლი ახალ განცხადებაში.
ჩვენებას დაესწრებიან მიწვეული სტუმრები, თუმცა როგორც ბრენდი იუწყება, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება. ჩვენება პირდაპირ ეთერში გადაიცემა, როგორც ვალენტინოს ოფიციალურ ციფრულ პლატფორმებზე, აგრეთვე Fédération de la Haute Couture et de la Mode – ს ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება Saint Laurent-ს, ფრანგული ბრენდი, ენტონი ვაკარელოს ხელმძღვანელობით, ჯერჯერობით, ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ სენ ლორანის ჩვენებაც ივლისში, სწორედ ვენეციაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სენ ლორანი მოდის კვირეულების ოფიციალურ კალენდარს ერთ-ერთი პირველი გაემიჯნა და უკვე წელიწადზე მეტია, რაც კოლექციებს ციფრულ ფორმატში წარადგენს. ენტონი ვაკარელოს პრესასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.