ვიქტორია & ალბერტის მუზეუმი გაბრიელ შანელისადმი მიძღვნილი გამოფენის – “Gabrielle Chanel. Fashion Manifesto” გახსნისთვის ემზადება. ეს იქნება პირველი დიდი გამოფენა ბრიტანეთში, რომელიც მუზეუმის სტუმრებს ლეგენდარული ფრანგი კუტიურიეს შემოქმედებას გააცნობს – დაწყებული 1910 წელს პარიზში გახსნილი ქუდების პირველი მაღაზიიდან, დამთავრებული 1971 წელს წარმოდგენილი მისი ბოლო კოლექციით.

იმავე სახელობის გამოფენა თავდაპირველად 2020 წელს პარიზში, Palais Galliera-ში მოეწყო. შემდგომში მან მელბურნში, ვიქტორიას ნაციონალურ გალერეაში გადაინაცვლა. ლონდონში, V&A-ის მუზეუმში კი გამოფენის გახსნა 2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება. მასზე წარმოდგენილი იქნება 200-ზე მეტი ლუქი – ზოგიერთ მათგანს საზოგადოება პირველად იხილავს, მათ შორის ბალე რუსის საბალეტო სპექტაკლ “Le Train Bleu”-ისთვის შექმნილ კოსტიუმებს. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება სამკაულები, აქსესუარები, კოსმეტიკა, სუნამოები. 

© V&A / CHANEL / Nicholas Alan Cope

“როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის სახლი, Chanel ბევრ რამეს უნდა უმადლოვდეს თავის დამაარსებელ გაბრიელ შანელს, რომელმაც მისი ხელწერა ერთი საუკუნის წინ ჩამოაყალიბა. მოხარულები ვართ, რომ ამ გამოფენისთვის Chanel-თან და Palais Galliera-სთან ვთანამშრომლობთ. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ ამ მარადიული სტილის წარმოშობა, მასთან დაკავშირებული ელემენტები და გამოვფინოთ Chanel-ის ნაკლებად ცნობილი ისტორიული სამოსი V&A-ის კოლექციიდან.”

ტრისტრემ ჰანტი, V&A-ის დირექტორი

ხუთშაბათს ვიქტორია & ალბერტის მუზეუმმა გამოფენაზე პირველი კვირების განმავლობაში დასასწრები ბილეთების შეზღუდული რაოდენობა გამოუშვა, რომლებიც უკვე სრულად არის გაყიდული. მსურველებს ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ივნისიდან ისევ მიეცემათ. “Gabrielle Chanel. Fashion Manifesto”-ს მონახულება 2023 წლის 16 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.