თავისი კარიერის დაწყებიდან 25 წლის განმავლობაში თიმ უოლკერმა რეალობის და ადამიანის წარმოსახვაში შექმნილი ზღაპრული სამყაროს შერწყმით შეძლო მოდის ფოტოგრაფიაში ახალი სიტყვა ეთქვა. მისი წარმოუდგენელი ფოტოები მნახველს აოცებს და შთააგონებს, ამასთანავე, მუზეუმების კურატორების ყურადღებასაც იპყრობს. სექტემბერში, Victoria & Albert Museum-ში თიმ უოლკერის მესამე და ყველაზე დიდი სოლო გამოფენა იგეგმება.

Harper’s Bazaar October 2009. Photo: Tim Walker

ლონდონის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება უოლკერის ასი უკვე გამოქვეყებული ფოტო, რვა ფილმი, ათი ახალი ფოტოგრაფიული პროექტი და მისი თვალით დანახული იშვიათი არტეფაქტები V&A-ის არქივიდან.

„ჩემთვის V&A ყოველთვის იყო ოცნებების სასახლე — ის მსოფლიოში ყველაზე შთამაგონებელი ადგილია,“ – განაცხადა უოლკერმა. „მუზეუმის კოლექცია უზარმაზარი და ეკლექტიკურია, მგონია, სწორედ ამიტომ მეხება ასე ძალიან. მუზეუმში ჩემი კვლევის დროს ვნახე ობიექტები, რომლებმაც გული ამიჩქარა. მინდოდა შემექმნა ფოტოგრაფია, რომელიც ობიექტის არამარტო ფიზიკურ არსებობას და სილამაზეს ასახავდა, არამედ მასთან დაკავშირებულ ჩემს ემოციურ რეაქციასაც.“

„თიმ უოლკერი: გასაოცარი რამეები“ უკვე სამი წელია მუშავდება. მთელი ამ დროის განმავლობაში თიმი დროს ჰყოფდა მუზეუმის 145 საჯარო გალერეაში გასატარებლად და მასში დასაქმებულ ადამიანებთან სასაუბროდ, რათა მიღებული ინსპირაციით გამოფენისთვის ახალი ნამუშევრები შეექმნა.

Kate Moss & John Galliano for British Vogue December 2013. Photo: Tim Walker

შოუ სუსანა ბრაუნის კურატორობით მოეწყობა, რომელიც დამთვარიელებელს „შთამბეჭდავ სანახაობას“ ჰპირდება. საგამოფენო სივრცის შექმნაზე კი ფოტოგრაფის ხანგრძლივი კოლაბორატორი შონა ჰიტი იზრუნებს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოფენა მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, რადგან, როგორც თავად თიმ უოლკერი აღნიშნავს, მასზე მუშაობისას ახალ ტერიტორიებზე შეიჭრა.

„ჩემთვის სილამაზე ყველაფერია. საზოგადოების მიერ შექმნილი საზღვრების გარღვევით ვარ დაინტერესებული, რათა შესაძლებელი გახდეს სილამაზის უფრო მრავალფეროვანი სახეების და კაცობრიობის გასაოცარი მრავალფეროვნების აღნიშვნა. სამი წლის განმავლობაში ამ გამოფენაზე მუშაობამ ახალ ტერიტორიებზე შეღწევისკენ მიბიძგა, რაც ამაღელვებელია. ახლა ჩემი ცხოვრების იმ ფაზაში ვარ, როდესაც საკმარის სიმამაცეს ვგრძნობ ამის გასაკეთებლად.“

Jennifer Lawrence for W October 2012. Photo: Tim Walker


გამოფენა 21 სექტემბერს გაიხსნება და მისი ხილვა 2020 წლის 8 მარტამდე იქნება შესაძლებელი.