პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Undercover-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების ბოლოს მოდელები მანათობელ ტერარიუმად ქცეული კოსტიუმებით წარდგნენ, რომელშიც ხელოვნური ვარდების გარშემო ცოცხალი პეპლები დაფარფატებდნენ. ჩვენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრენდის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ჯუნ ტაკაჰაში ირწმუნება, რომ თავის შემოქმედებაში პეპლებს აღარ გამოიყენებს.

ამ მიზნით იაპონელ დიზაინერს 10 ოქტომბერს PETA-მ მიმართა. ტაკაჰაშიმ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას პასუხი ცხრა დღის შემდეგ “გულწრფელი წერილით” დაუბრუნა, რომლის ასლიც PETA-მ WWD-ს გაუზიარა.

მან გაიხსენა თუ როგორც გაჩნდა მის გვერდით თეთრი პეპელა 20 წლის წინ ბებიის დაკრძალვის შემდეგ, რამაც “ძალიან გააბედნიერა” და მის სიახლოვეში დაარწმუნა. მას შემდეგ პეპლები ტაკაჰაშის გვერდით ხშირად ჩნდებიან და მის სიახლოვეს დაფარფატებენ. გავლენიანი მოდური გამოცემის ცნობით, წერილში დიზაინერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალე კაბებში პეპლების მოთავსების გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც მიიღო, ის მათზე ღელავდა.

კოლექციაში გამოსაყენებლად პეპლები კომპანიას შეუკვეთეს, რომელიც მათ მოსაშენებლად ეთიკურ მეთოდებს იყენებს. ჩვენებამდე ისინი დიდ სივრცეში მოათავსეს, სადაც სუნთქვა და ფრენა შეეძლოთ, ხოლო შემდეგ კაბებიდან გამოუშვეს და პარკში გაუშვეს. “მაგრამ დღის ბოლოს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ან როგორც მეც ვფიქრობდი ჩემი გულის რომელიღაც კუნჭულში, ეს ქმედება მაინც შეცდომა იყო,” – წერს დიზაინერი.

ტაკაჰაში ნანობს ცოცხალი, ჯანსაღი პეპლების თავისუფლების შეზღუდვას და თავისი ნამუშევრებისთვის მათი ან სხვა ცოცხალი ცხოველების გამოყენებაზე უარს ამბობს.

“გთხოვთ არ მოგერიდოთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმირება, რადგან უკეთესად მოქცევის სურვილი გვაქვს. მე კი ვლოცულობ, რომ პეპლები ჩემ გვერდით ისევ გამოჩნდებიან,” – აღნიშნულია ტაკაჰაშის PETA-სთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში.