ყოველი სეზონი ახალ ტენდენციებს გვთავაზობს – ჩნდება სრულიად ახალი სტილი, ან ბრუნდება ძველი ტრენდები. 2021 წლის ზამთრის სეზონის ჰიტად, ყველასათვის მოულოდნელად, UGG-ის ჩექმა იქცა – მოდელი, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ ყველას ეცვა. ჯერ კიდევ შარშან, შეგვეძლო UGG-ებზე გასული ათწლეულის გახსენების დროს გვესაუბრა, თუმცა, ახლა ის ვარსკვლავების ქუჩის სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა. ძველი სტილის დაბრუნება მოსაწყენი იქნებოდა, რომ არა კრეატიულობა და ახლებური ინტერპრეტაცია – ახლაც, განსაკუთრებით პოპულარული – Mini Ugg-ები. ადრეული 2000-იანების მოდა ხშირად ასოცირდება ცუდ გემოვნებასთან, თუმცა, ამ პერიოდის ტრენდები მაინც ახერხებს აქტუალობის დაბრუნებას. მაგალითისათვის გავიხსენოთ ფერადი სპორტულები, ე.წ. Juicy Couture რომელიც ასე პოპულარულად თავდაპირველად პერის ჰილტონმა აქცია. 2020 წელს, კვლავ ვიხილეთ არაერთ ცნობილ ადამიანზე. UGG-ზე საუბრისას კი, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს მოდელი ნამდვილად პრაქტიკულია, როგორც ქალაქში სასიარულოდ, ასევე მთის კურორტისთვისაც.
UGG-ის უცაბედი აქტუალურობა თავისთავად ცხადია არ მომხდარა, ბრენდმა ამ მოდელების ქუჩის სტილში დაბრუნებაზე ახალი კამპანიით იზრუნა. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ფეხსაცმლის მოდელის სახე VOGUE-ის ყოფილი რედაქტორი და სტილის ვარსკვლავი ანდრე ლეონ ტალია.

72 წლის მოდის ლეგენდარულმა ჟურნალისტმა, მას ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი უწოდა – “ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ UGG უშნო და უგემოვნოა, დიდხანს მეც ასე ვფიქრობდი. თუმცა, შემდეგ კვლავ აღმოვაჩინე ეს ფეხსაცმელი, ჩავიცვი და შემიყვარდა”. რამდენ ხანს გაგრძელდება მისი პოპულარობა და შემოგვთავაზებს თუ არა ბრენდი ახალ მოდელებს უცნობია, თუმცა, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ UGG 2021 წლის ზამთრის სეზონის ქუჩის სტილის ერთ-ერთი ტრენდია.