იტალიურ მოდაზე ფიქრისას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ლაქშერი სეგმენტს ეხება, ყველა ადამიანისთვის პირველი ასოციაცია ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. სწორედ ამ იდეის საწინააღმდეგოდ, 1987 წელს, იტალიაში, კერძოდ კაპრიში, დიზაინერმა სიმონა ბარბიერიმ ბრენდი TWINSET დააარსა. ბრენდის მიზანი იყო გამოხმაურებოდა იტალიური მოდის სტანდარტებს, თუმცა ამასთან ერთად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმიერი მსურველისთვის.



თავდაპირველად, ბრენდი ნაქსოვი მატერიებით შექმნილი სამოსის წარმოებაზე იყო ორიენტირებული, კერძოდ აწ უკვე ცნობილი შალისა და ქაშმირის ნივთებზე, რომლებმაც ბრენდს მშობლიურ იტალიაში მალევე მოუხვეჭა სახელი. წლების განმავლობაში, TWINSET-ის პოპულარობა იტალიის საზღვრებს გასცდა და მოთხოვნის პარალელურად, ბრენდის ხაზები ნაქსოვი სამოსიდან გაფართოვდა სრულ ასორტიმენტზე, რომელიც დღემდე ორიენტირებულია მისცეს ქალებს საშუალება შეიმოსონ თანამედროვე, თუმცა მარადიულ და ელეგანტურ სამოსში.



ბრენდის სელექცია, სამოსის და ფეხსაცმლის გარდა, აქსესუარებსაც მოიცავს, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ჩანთებს. 2023 წლის დასაწყისში, მოდის პრესის ცნობილმა გამოცემამ, WWD-მ სასიამოვნო სიახლე გაავრცელა, რომ გაზაფხულიდან TWINSET-ის კოლექციებს სათვალეების პრემიუმ ხაზიც დაემატებოდა. სათვალეებს ბრენდისთვის კომპანია De Rigo ამზადებს, რომელიც სხვა ცნობილი იტალიური ლაქშერი ბრენდების ხანგრძლივი პარტნიორია.



ევროპულ ბაზარზე TWINSET-ის პოპულარობა, იტალიის გარდა, აღსანიშნავია დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში, სადაც ბრენდმა ფიზიკური მაღაზიები 2018 წელს დიდი სარეკლამო კამპანიის თანხლებით გახსნა. კამპანიის სახელწოდება “Ciao, London!” გახდა, ხოლო მისი სახეები ბრიტანელი ტოპ მოდელები, IT გოგონები და სტილის ვარსკვლავები, ჯორჯია მეი ჯაგერი და სიუკი უოთერჰაუსი იყვნენ. მაღაზიები ლონდონის ყველაზე პოპულარულ და ხალხმრავალ ლოკაციებზე – ქინგს როუდსა და ვესტფილდში გაიხსნა, რისი გადაწყვეტილებაც დიდ ბრიტანეთში ონლაინ გაყიდვებზე დიდი მოთხოვნას მოჰყვა, როგორც ეს ბრენდის გენერალურმა დირექტორმა, ალესანდრო ვარისკომ გააჟღერა.



TWINSET-ის ისტორიის მანძილზე რამდენიმე საინტერესო წამოწყება და კამპანია ჰქონდა, მათ შორისაა Actitude კოლექცია. ეს თანამედროვე, პრაქტიკული მიდგომით შექმნილი სამოსია, ინკლუზიურობის იდეით. “კოლექცია ქალების ნამდვილ იდენტობას ეხმაურება, რომელიც მათი სიძლიერის განმსაზღვრელია,” აღნიშნა ალესანდრო ვარისკომ, “ფუნქციურობა რიგ შემთხვევაში წმინდა ელეგანტურობაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ გვსურს თანამედროვეობასთან ადაპტირება.” კამპანიისთვის 10 სხვადასხვა პროფესიის ქალი შეირჩა, მათ შორის ლორა მარზადორი, ლა სკალას პირველი მევიოლინე, სკეიტერი არიანა ბატისტა, მოცეკვავე ანიტა ლორუსო, აქტივისტი Aya, ინფლუენსერი ნინა რიმა და სხვანი.



ამჟამად, TWINSET-ის პოპულარობა გასცდა ევროპის კონტინენტს და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც აზიაში, კერძოდ ჩინეთში, ისე ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე. მსოფლიოს გარშემო ბრენდის 100-ზე მეტი მაღაზია ფუნქციონირებს, მათ შორისაა თბილისისა და ბათუმის სასტუმრო ჰილტონში მდებარე ფილიალებიც. მაღაზიებში იპოვით ბრენდის უახლეს, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, ისევე აქსესუარებს, ჩანთებს და სხვა საინტერესო ნივთებს.