პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ტანსაცმელია მოდელზე, რომელიც ამავე ტანსაცმელს უწევს რეკლამას, ტანსაცმელი მით უფრო გაყიდვადია. ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება მოდის ინდუსტრიაში. დღევანდელი გამოცდილი ედვერთაიზერები ამბობენ, რომ ბრენდები მათ გაცილებით ნაკლებ თავისუფლებას აძლევენ, ვიდრე ადრე, როდესაც ისინი რისკებზე მიდიოდნენ, რაც მათ მილიონები უჯდებოდათ.
Yves Saint Laurent, 2000 წელი, სუნამო “OPIUM”-ის კამპანია.
სოფი დალი, 23 წლის ჟღალთმიანი მოდელი, სტივენ მეისელის ობიექტივში მთლიანად გაშიშვლდა, ფოტოზე ის მუქი ფერის თეთრეულზე წევს, თავი უკან აქვს გადაწეული და ცალ მკერდს ხელით იფარავს. 948 საჩივარი დიდი ბრიტანეთის რეკლამების ზედამხედველთა კომისიაში საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ თამამი ფოტოს განთავსება ქვეყნის ქუჩებში აეკრძალათ. მაგრამ ჟურნალებში ის დარჩა. მოსახლეობის აზრით, ამ ფოტომ ქალის ღირსება შელახა და, მეტიც, მას შეეძლო გაეზარდა გაუპატიურების რიცხვი. ამის მიუხედავად, კადრმა რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მიიღო და ყველა ივ სან ლორანზე ალაპარაკდა, რის მიღწევასაც ცდილობდა ტომ ფორდი, რომელიც ბრენდის კრეატიული დირექტორი მოვლენამდე ერთი წლით ადრე გახდა.

ტომ ფორდი, თამამი ფოტოების ყველაზე ცნობილი მოყვარულია. გუჩიში მარიო ტესტინოს გადაღებული ფოტოები ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიაა. ქალი მოდელი კედელზე მიყუდებული იყო, მის წინ მუხლებზე დაჩოქილი ახალგაზრდა მამაკაცი ქვედა საცვალს ქვემოთ უწევდა, სადაც ინტიმურ ადგილას თმა გუჩის ლოგოს ფორმის ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტო ძალიან პროვოკაციული იყო, მასზე მხოლოდ 16 საჩივარი შევიდა რეკლამების კონტროლის კომისიაში. ბრენდმა კი, მსგავსი ქმედება იმით გაამართლა, რომ ფოტო უნდა დაბეჭდილიყო ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილ ჟურნალებში, რომლებიც გაიგებდნენ “სიტყვების თამაშს”. ფორდმა მოგვიანებით თქვა, რომ მოდელს ინტიმურ ადგილზე გუჩის ლოგო თავად დაახატა.

პროვოკაციულ სურათებში შედის არამარტო შიშველი ფოტოები კამპანიებისთვის, არამედ რელიგიური იდეოლოგიის შემცველი ფოტოებიც. ერთ ერთი მსგავსი ფოტო გახლავთ ფრანგული ბრენდის Marithé & François Girbaud-ის რეკლამა, რომელიც შეიცავს “საიდუმლო სერობის” იდეას.

რელიგიური შემცველობის რეკლამა ჰქონდა ასევე ბენეტონს, რომლის ფოტოზეც რომის პაპის ფორმაში გამოწყობილი ორი ხანში შესული მამაკაცი ერთმანეთს კოცნიდა. ასევე დაიბლოკა მარკ ჯეიკობსის 2010 წლის კამპანია დაკოტა ფენინგის მონაწილეობით, სუნამოსთვის “LOLA”, იმიტომ, რომ ფოტოზე ბავშვია გამოსახული სექსუალურ პოზაში. დაიბლოკა მიუ მიუს 2011 წლის კამპანია ჰეილი სტეინდფილდის მონაწილეობით, რომელზეც ახალგაზრდა მსახიობი მატარებლის რელსებზე ზის, რაც რეკლამების კონტროლიორების აზრით, გამოიწვევდა თვითმკვლელობების ტალღას.