დუბაის ცნობილ, პალმის ფორმის კუნძულზე, ჯუმეირაზე ბიონსეს მოულოდნელი, გასაიდუმლოებული კონცერტი გაიმართა. კონცერტზე დასწრება მხოლოდ მოწვევით იყო შესაძლებელი და მას ემირატების სამეფო ოჯახის წევრების გარდა, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც დაესწრნენ, მათ შორის: “Black Panther”-ის ლეტიცია რაითი, კედალ ჯენერი, ბიონსეს დედა თინა ნოულსი და მეუღლე, ჯეი ზი.

ბიონსეს სცენაზე ფეიერვერკების ფონზე გამოჩნდა. პირველი სიმღერა, რომელიც ბიონსემ შეასრულა, ეტა ჯეიმსის ჰიტი “At Last” იყო, ხოლო შემდეგ, საკუთარი სინგლებით: “Halo” და “Ave Maria”-თი განაგრძო. მომღერალს აკომპანიმენტს ქალების ორკესტრი დუბაიდან, Firdaus უწევდა.

ბიონსე Atelier Zuhara-ს კოსტიუმში

გახსნითი კოსტიუმი ღია ყვითელი კორსეტიანი კაბა გახდა, რომელზეც დუბაიში დაფუძნებულმა ბრენდმა, Atelier Zuhara-მ იმუშავა. ბრენდის დამფუძნებელი, ომანელი რაიან ალ სულაიმანია, ხოლო ატელიე ზუჰარა მას და დედამისს ეკუთვნით. “კაბაზე მუშაობა ნოემბერში დავიწყეთ,” – აღნიშნა ალ სულაიმანიმ ვოგთან საუბარში, “თითქმის თვენახევარი დაგვჭირდა კაბის თავიდან ბოლომდე შესაკერად.”

ადგილობრივი ტალანტის მხარდაჭერა ბიონსესა და მისი სტილისტის, ქეი-ჯი მუდისთვის სიახლე არ არის. სწორედ ამიტომ, სცენაზე დუბაიში მოღვაწე დიზაინერის ნამუშევრის ხილვა გასაკვირი არ ყოფილა. სიმღერა “Brown Skin Girl” ბიონსემ 11 წლის შვილთან, ბლუ აივისთან ერთად შეასრულა. სცენაზე ბლუ აივის წითელი თვლებიანი კომბინიზონი ეცვა, რომლის დიზაინზეც ბიონსეს დედამ, თინა ნოულსმა და თიმოთი უაითმა იმუშავეს.

ბიონსე და ბლუ აივი

75 წუთიანი კონცერტის მორიგი ლუქი წითელი კომბინიზონი იყო, რომელსაც ოქროსფერი კორსეტი ამშვენებდა. აღნიშნულის დიზაინერი ლიბანელი ნიკოლას ჯებრანი გახდა. ნიკოლასი ჰოლივუდში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი კლიენტების სიაში არიან ჯენიფერ ლოპეზი, ჯიჯი ჰადიდი და სინდი კროუფორდი. ჯებრანის თქმით, მისი შთაგონება ემირატელი ქალები გახდნენ, კერძოდ მათი სიყვარული მონოქრომული ლუქების მიმართ. ბიონსეს ასევე ლორეინ შვარცის 80 კარატიანი საყურეები ეკეთა.

ბიონსე ნიკოლას ჯებრანის კოსტიუმში
ბიონსე ივან ფროლოვის კოსტიუმში

ბიონსეს ბოლო ლუქი უკრაინელმა დიზაინერმა, ივან ფროლოვმა შექმნა. ვარდისფერი მინი და ლეგინსები კვლავ ოქროსფერი თვლევით იყო მორთული. “ეს სამოსი ჩვენს კიევის ატელიეში, ომისა და უშუქობისას შევქმენით,” განაცხადა ფროლოვმა ვოგთან საუბარში, რომელმაც ბრენდი კიევში, 2015 წელს დააარსა. “ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ, უკრაინელი დიზაინერები მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად მუშაობას ყოველთვის განვაგრძობთ.”