6 დეკემბერს შანელი გახდა პირველი ევროპული მოდის სახლი, რომელმაც ჩვენება დასავლეთ აფრიკაში გამართა. ვირჟინი ვიარის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია სენეგალის დედაქალაქ დაკარში მოეწყო.
ჩვენებაზე მიწვეულ 800 სტუმარს შორის იყვნენ სენეგალის ოფიციალური პირები, საერთაშორისო პრესისა და მაღაზიების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: ნაომი ქემბელი, ფარელ უილიამსი და ნაილ როჯერსი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შანელი იმავე კოლექციას ტოკიოშიც წარადგენს. ჩვენება 1 ივნისს გაიმართება. როგორც მოდის სახლის განცხადებაში არის აღნიშნული, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი “იაპონიასთან ძლიერი კავშირის კიდევ ერთხელ დამოწმება” იქნება.
შანელის Métiers d’art შოუ პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა. კოლექციების ყოველწლიურად ჩვენება საფრანგეთის გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სწორედ იაპონიის დედაქალაქით დაიწყო.