იტალიური მოდის სახლის, Tod’s-ის კრეატიული დირექტორი, უოლტერ ჩაპონი პოზიციას ტოვებს, ინფორმაციას WWD ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ორმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შედგა. უოლტერის წასვლის შესახებ სპეკულაცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა ინფორმაცია დღეს დადასტურდა.
დიზაინერი 2019 წლიდან უძღვოდა ბრენდის ქალისა და მამაკაცის ხაზებს, ხოლო მის ბოლო ჩვენებას ტოდსში 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვიხილავთ, რომელიც მილანში 22 სექტემბერს გაიმართება. Tod’s Group-ის განცხადებით, კომპანია ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელს “მომდევნო რამდენიმე თვეში დაასახელებს.”
“ჩვენ მადლობას ვუხდით უოლტერს, რადგან მასთან ერთად მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ. მადლობა მას საკუთარი ხედვისა და თავდადებისთვის,” განაცხადა დიეგო დელა ვალემ, ტოდსის აღმასრულებელმა დირექტორმა, “ისევე, როგორც უოლტერს, ეს გამოცდილება ჩვენც დაგვამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის ისტორიაში.”
თავად უოლტერმა კი შემდეგი განცხადება გააკეთა, “მადლობა ტოდსის გუნდს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, მე ნამდვილად განსაკუთრებულ გუნდთან ერთად მომიწია მუშაობა, რომელიც მხარს უჭერდა ჩემს ხედვას და საქმეს სიზუსტითა და თავდადებით ასრულებდა.”
მანამ, სანამ უოლტერი Tod’s-ს შეუერთდებოდა, ის მუშაობდა Bottega Veneta-ში, ბრენდის ყოფილ კრეატიულ დირექტორთან, ტომას მაიერთან ერთად. უოლტერი ტოდსის პირველი შემოქმედებითი ხელმძღვანელია, რომელსაც ქალისა და მამაკაცის ხაზებზე მუშაობდა, მანამდე აღნიშნული პოზიციები სხვადასხვა დიზაინერებს ეკავათ. უოლტერის ბრენდში მუშაობისას, პანდემიის პირობებშიც კი, ტოდსში გაყიდვები გაიზარდა, მათ შორის შემოსავალი 2023 წლის პირველ კვარტალში 24.4%-ით 130.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.