რიკ ოუენსს ხშირად მოდის “ბნელ ლორდს” უწოდებენ. გასულ სეზონზებზე მის კოლექციებში უხვად იყო გამოყენებული მკაფიო ფერები, რაც იმ დიზაინერისგან, რომელიც ასეთ მეტსახელს ატარებს, შეგვიძლია ერთგვარ ექსპერიმენტად მივიჩნიოთ. ამჯერად მისი ბოლო ჩვენება კვლავ დაცლილი იყო ფერადოვნებისგან და შავ დომინანტ როლს ასრულებდა.
რიკის თქმით, კოლექციაში მან არქიტექტურული ფორმები შეამცირა და ნამუშევრები “სამოცდაათიანი წლების ფსევდო-მისტიციზმით” გააჯერა. სილუეტები “თითქმის ვიქტორიანული” იყო, რაც თანამედროვე დროისთვის დამახასიათებელ გადამეტებულ თავდაჭერილობას ასახავდა, რომელიც აბრკოლებს გამოხატვის თავისუფლებას და შემოქმედებითობას, რადგან დაუნდობელი “ქენსელ” კულტურა მორალურობის სახელით ინიღბება და ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს. “თუმცა ეს სიახლე არ არის. რომაელები ქრისტიანებს ლომებს სწორედ ამიტომ უგდებდნენ. ძალადობა, ზნეობა და სისხლის წყურვილი ყველგან ყოველთვის ერთად თანაარსებობდა,” – განაცხადა რიკმა. ვიქტორიანულ პროპორციებში მოკრძალება ვლინდება, დიზაინერმა კი ეს კონცეფცია განავითარა. კოლექციას მან “ლუქსორი” უწოდა.
© Vogue Runway
ჩვენების ჩანაწერების ბოლოს რიკმა აღნიშნა, რომ ომის დროს კოლექციის შექმნას თან სიმწარე ახლავს. “ვოგის” ჟურნალისტი ლუკ ლეიჩი ამბობს, რომ კულისებში რიკი იყო პირველი დიზაინერი, რომლისგანაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ საუბარი მოისმინა. “მან ევროპის მიწაზე მიმდინარე ომის დროს სამომხმარებლო კარნავალის ხელშეწყობის გამო შექმნილი უხერხულობის განცდის არსებობა აღიარა და დაამატა: “სულ ამაზე ვფიქრობ. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, პარიზული მოდის სახლები მოდის ინდუსტრიის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენენ და სრულყოფილების შემოთავაზება მათი საქმეა – ეს მესმის,”” – წერს ლუკი თავის მიმოხილვაში.
ჩვენების ბოლოს “ბნელი ლორდი” მოდელების მსგავსად პლატფორმებზე მდგარი მაღალ ქუსლიანი ჩექმებით, დენიმის ქვედაბოლოთი და ‘ბომბერ’ ქურთუკით წარსდგა. მაშინ როცა დიზაინერების უმეტესობა ერთფეროვანი და არაფრით გამორჩეული ჩაცმულობით გამოირჩევა, რიკ ოუენსის ავანგარდული ბრენდის საუკეთესო წარმდგენი თავად რიკ ოუენსია.
Rick Owens შემოდგომა/ზამთარი 2023 – “ლუქსორი”
ჩვენების ჩანაწერი