TikTok-ზე ბევრ უცნაურ ტრენდს შეხვდებით. აღმოაჩენთ კრეატორებს მრავალი მილიონი გამომწერით და მათი პოპულარობის მიზეზს ვერაფრით ახსნით. მიუხედავად სპეციფიკური კონტენტისა, ფაქტია, TikTok დღეს იმდენად პოპულარულია, რომ ყველა მსხვილი კომპანიისათვის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთ სტრატეგიულ პლატფორმად მიიჩნევა. თუმცა, მრავალი უცნაური გემოვნების და ინტერესების კრეატორებს შორის, მაინც შგვიძლია აღმოვაჩინოთ ინფლუენსერები, რომლებიც ნამდვილად საინტერესო კონტენტს გვთავაზობენ. ერთ-ერთი მათგანია კლაუდია მორეირა (@claudyamoreira1).

კლაუდია 34 წლის არის და პორტუგალიაში, ლისბონში ცხოვრობს. ის დამწყები დიზაინერია და – საკმაოდ კრეატიულიც. კლაუდიას თავისი ნიშა აქვს დაკავებული – ის შარფების წარმოუდგენლად მრავალფეროვანი კომბინაციებით, სხვადასხვა ლუქის აწყობას ასწავლის გამომწერებს. თუ გგონიათ, რომ შარფი არის დეტალი, რომელიც შესაძლოა ყელსახვევის ფუნქციის გარდა, მხოლოდ თმის აქსესუარად გამოიყენოთ, ცდებით – ამაში კლაუდია მორეირა მარტივად დაგარწმუნებთ.

კლაუდია იმდენად პოპულარული გახდა, რომ მასთან ინტერვიუ ცოტა ხნის წინ Vogue-მაც კი ჩაწერა – “Cape Verde-ს კუნძულზე, სადაც მე გავიზარდე, შარფები არამხოლოდ ვიზუალური, არამედ ტრადიციული დანიშნულებითაც გამოიყენება. ის თითქმის ყველა ასაკოვან ქალს უკეთია. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი ამ ლამაზ აქსესუარებს და ძალიან მომწონდა”.

მორეირამ TikTok-ის ანგარიში აპრილში გახსნა. მართალია, მისი მიმდევრების რიცხვს ჯერ მილიონისათვისაც არ მიუღწევია, თუმცა, ლოიალური გამომწერები ნამდვილად შეიძინა. მისი ვიდეოები იმდენად შთამბეჭდავი და კრეატიულია, რომ კლაუდიამ შარფების საკუთარი ხაზი შექმნა და მას Zafia უწოდა.

ბრენდი სექტემბერში დაარსდა. Zafia-ს დიზაინი გამოირჩევა მკვეთრი ფერებით და გრაფიკული პრინტებით. რაც შეეხება TikTok-ისათვის კონტენტის შექმნის პროცესს, Vogue-თან საუბრისას TikTok-ერი დიზაინერი აღნიშნავს, რომ ეს იმაზე რთული პროცესია, ვიდრე გამომწერებს ერთი შეხედვით ჰგონიათ. რამდენიმე წამიანი ვიდეოს მოსამზადებლად, კლაუდიას წინასწარი პრაქტიკა სჭირდება, რაც ზოგჯერ, საათობით გრძელდება. ასეთი მოსამზადებელი პროცესი კი, იმისათვის არის საჭირო, რომ შარფების სხვადასხვა სამოსად გადაქცევის ხრიკები ნამდვილად მუშაობდეს და ვიდეოს ყურების შემდეგ, ყველამ შეძლოს იგივეს გამეორება.