
ტიფანის საკულტო მაღაზია ნიუ-იორკში, რომელიც 4 წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოებზე იყო დაკეტილი, ერთ თვეში გაიხსნება. როგორც WWD იუწყება, საიუველირო ბრენდი საზეიმო გახსნის ღონისძიების მოსაწვევების გაგზავნას ცნობილ ადამიანებთან და მოდის ინსაიდერებთან ამ კვირაში აპირებს.

ტრუმან კაპოტეს რომანისთვის შთაგონებად ქცეული მაღაზია, რომლის ეკრანიზაციაშიც მოგვიანებით ოდრი ჰეპბერნი ვიხილეთ, სტატუსსაც ცვლის. ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუს მაღაზია ამიერიდან ფლაგმანური აღარ იქნება, ამის ნაცვლად, მას “The Landmark”-ის (ღირშესანიშნაობის) სტატუსი ექნება. ბრენდში თვლიან, რომ ფლაგმანის სტატუსი სხვა წამყვანი მაღაზიების მნიშნვნელობას შეამცირებდა, მაგალითად ტოკიოსა და ლოს-ანჯელესის ფილიალების.

სარემონტო სამუშაოებზე დახურვის გადაწყვეტილება ტიფანიში 2019 წელს მიიღეს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბრენდს 2021 წელს LVMH შეიძენდა. WWD-ის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებში ჩადებული ინვესტიცია LVMH-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია (იგულისხმება მხოლოდ ერთი მაღაზიის რენოვაცია). არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი პიტერ მარინოა, ხოლო სამსართულიანი შუშის ინსტალაციას შოშეი შიგემაცუ დააპროექტებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა სხვა ქალაქებში მდებარე ფლაგმანური მაღაზიების სტატუსებიც, თუ ეს მხოლოდ მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩების კვეთაზე მდებარე მაღაზიას შეეხება. გახსნის წვეულება 27 აპრილს გაიმართება, ხოლო 28 აპრილს მაღაზია ჩვეულ რიტმში დაიწყებს მუშაობას.