Tiffany & Co. არსებობის 184 წლიანი ისტორიის განმავლობაში მარადიული მშვენიერებისა და სტილის სიმბოლოს წარმოადგენდა, რომლის სამკაულებსაც თაობები თავმომწონედ ატარებდნენ. ეს ბრენდი განსაკუთრებულ ადგილს ჰპოვებდა იმ ადამიანების გულებში, რომლებიც ტრადიციას თაყვანს სცემდნენ და ელეგანტურობას ადიდებდნენ. ბუნებრივია, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ამერიკული სამკაულების ბრენდი ქუჩის სტილით შეპყრობილი ახალი თაობის ინტერესებს მიღმა რჩებოდა, მაგრამ ახლა Tiffany & Co.-ში სწორედ მათი მოზიდვა გახდა აშკარა პრიორიტეტი.
მას შემდეგ, რაც Tiffany & Co. ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის, მფლობელობაში გადავიდა, ბრენდის იმიჯის ცვლილებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. ახალი მიმართულება ნათელი გახდა ივლისში გამოქვეყნებული კამპანიით, რომელიც აცხადებდა: “Not your mother’s Tiffany.” კამპანიამ შესაძლოა ლოიალური მომხმარებლები გაანაწყენა, თუმცა ახალ მიზნობრივ აუდიტორიას მისწვდა. შემდეგ იყო ბიონსეს და ჯეი ზის მონაწილეობით გამოშვებული რეკლამა “About Love,” რომელშიც გავლენიან წყვილთან ერთად მთავარ როლს ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი – “Equals Pi”-ც თამაშობდა.
ამჯერად Supreme-სთან კოლაბორაციის ჯერი დადგა. თანამშრომლობის შესახებ ხმები პირველად სექტემბერში გავრცელდა, რაც ოფიციალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა.

კადრი თიზერიდან © Dazed / Instagram @tiffanyandco @supremenewyork
პირველ თიზერს ორივე ბრენდი საკუთარ ინსტაგრამ გვერდებზე აქვეყნებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.