საფრანგეთის, იტალიის და ამერიკის შემდეგ კორონავირუსთან ბრძოლას ბრიტანული მოდის ინდუსტრიაც აქტიურად იწყებს.

თავდაპირველად, ბრიტანული მოდის საბჭოს მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამწყებ დიზაინერებს დასაწყისისთვის £1 მილიონით დაეხმარება, რათა ამ კრიზისულ ვითარებას გადაურჩნენ. ახლა უკვე ყველაზე გავლენიანი ბრიტანული ბრენდი ბარბერიც აკეთებს განცხადებას კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ვირუსთან საბრძოლველად არის მიმართული, კერძოდ:

კომპანია გამოიყენებს თავის მიწოდების ჯაჭვს, რათა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი სამედიცინო პერსონალისთვის 100 000 ქირურგიული ნიღბით მოამარაგოს.

იორქშირში მდებარე ბარბერის თრენჩების მწარმოებელი ქარხანა ბრიტანეთის საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტებისთვის სამედიცინო ხალათების და ნიღბების წარმოებას დაიწყებს.

კომპანია ასევე ინვესტიციას განახორციელებს კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად მიმდინარეობს და დააფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც საკვების მომარაგებით უზრუნველყოფს ბრიტანეთის გაჭირვებულ მოსახლეობას.