მაშინ, როცა დიზაინერების უმეტესობისთვის მთავარი ამოცანა კომფორტული და მარტივი სამოსის შექმნა გახდა, შედეგის ხილვისას მეტად ერთფეროვან სურათს ვიღებთ. მაგრამ იშვიათად მაინც ჩნდებიან შემოქმედები, ვისთვისაც კრეატიულობა უპირველესია და საყვარელი საქმიანობის შესრულებისას მას უკანა პლანზე არ წევენ. თუ მათ ძლიერი ხედვა აქვთ, განსაკუთრებით თავდაჯერებულები არიან, რადგან სწამთ მისი ზემოქმედების ძალის. თომ ბრაუნი კი ამის ნათელი მაგალითია. ის ამ სეზონზე იმის სრულიად საწინააღმდეგო იდეას წარმოგვიდგენს, რისი მიღებაც პანდემიის დაწყების შემდეგ ასე აქტიურად დავიწყეთ.

რამდენადაც არ უნდა აღგვაფრთოვანოს მისმა ახალმა კოლექციამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ჩაცმა მოგვინდეს თუ საკმარისად თამამები არ ვიქნებით, რადგან სიმარტივის იდეისგან ის საკმაოდ შორს დგას. თუმცა ბრაუნისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის.

“ბიზნესი არ გაქვს, თუ ბიზნესის შესაქმნელად შემოქმედებითობა არ გაგაჩნია,” – ამბობს ის. “მთავარი საინტერესო სამყაროს შექმნაა; სამყაროსი, რომელიც იმ კლასიკურ ჟაკეტსაც საინტერესოდ აქცევს.”

დიზაინერის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ქალისა და მამაკაცის სამოსსა და აქსესუარებს მოიცავს და გენდერის თანამედროვე აღქმას იზიარებს. მასში სპორტული და ფორმალური სტილისთვის დამახასიათებელი შტრიხებია შეტანილი და ლუქების უმეტესობა შავ-თეთრშია გადაწყვეტილი.

კატალოგთან ერთად გამოქვეყნდა ფილმიც, რომელიც თომის საოცნებო სამყაროს წარმოაჩენს. “…ყველაზე კეთილშობილური და ფანტასტიკური სიზმარი, რომელმაც სახლამდე მიმიყვანა…” მნახველს დადებითი ემოციებით ავსებს. ფილმი “ოზის ჯადოქარის” ერთგვარი გაგრძელებაა და მასში მსოფლიო თასის მფლობელი სამთო მოთხილამურე ლინდსი ვონი მონაწილეობს.

“მინდოდა ვონის ეს ლამაზი იმიჯი შემექმნა თავის გარემოში და მისი სამყარო ჩემსასთან გამეერთიანებინა,” – განაცხადა თომმა ფილმთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ათლეტებთან მუშაობა განსაკუთრებით უყვარს, რადგან ისინი მას ყველაზე მეტად შთააგონებენ.