ტრენდული ჩანთების და სნიკერების შექმნაზე ორიენტირებულმა მოდის ინდუსტრიამ დაკარგა სანახაობრივი და თეატრალური მხარე, რომელიც მაყურებელში გაოცებას იწვევდა. მოდის ბოლოდროინდელი მდგომარეობა კიდევ უფრო მძაფრად შესამჩნევია ამერიკაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული მოდა, ჩანასახშივე, ორიენტირებული იყო უფრო ბიზნესზე, ვიდრე შემოქმედებითობაზე. ახლა ისე, როგორც არასდროს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულს სჭირდება დიზაინერები, რომელთა პრიორიტეტი კრეატიულობაა.

სწორედ ამიტომ, თომ ბრაუნის პარიზიდან ნიუ-იორკის მოდის კვირეულში დაბრუნება, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის, ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

“ნიუ-იორკში დაბრუნება ენდრიუს (ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კურატორი) მხარდასაჭერად გადავწყვიტე. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელმა დიზაინერებმა ენდრიუს ხედვას მხარი დავუჭიროთ. ეს იქნება ამერიკული მოდის ზეიმი,” – აღნიშნავს თომ ბრაუნი.

მოდის კალენდარში კოსტუმების ყველაზე ძვირადღირებული საღამო 1948 წლიდან ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში იმართება.  სწორედ კოსტიუმების ინსტიტუტს და მის ყოველწლიურ მთავარ თემატურ გამოფენას უკავშირდება Met Gala, რომელიც წელს 13 სექტემბერს გაიმართება და ამერიკულ მოდას მიეძღვნება.

რაც შეეხება თომ ბრაუნის ქალისა და მამაკაცის ახალ, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას, რომლის პრეზენტაციაც გუშინ შედგა, ის უფრო ჩაცმადი და მარტივია, ვიდრე დიზაინერის წინა შემოთავაზებები.

მიუხედავად იმისა, რომ თომის ესთეტიკის მინიმალიზმთან დაკავშირება რთულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრაუნი ის დიზაინერია, რომლის კაბები, ხშირად, 200 საათის განმავლობაში იკერება და რამდენიმე ათას დეტალს აერთიანებს, მისი ეს კოლექცია მინიმალისტური და უბრალოა. ის წარმოაჩენს ამერიკული მოდის გათავისუფლების იდეას.

“მიყვარს დიდი და დრამატული ფორმები, მაგრამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კოსტიუმებზე მუშაობა ყველაზე განსაკუთრებული გამოცდილებაა. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ნიუ-იორკში ასეთი დონე არსებობს. აქ ძალიან ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია, ისინი მსოფლიომ უნდა შეამჩნიოს,” – განმარტავს პენსილვანიელი დიზაინერი ახალ კოლექციაზე საუბრისას.

კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც ფორმალური ტანისამოსის კოდებს, აგრეთვე ნაცრისფერ უნიფორმებს, რაც დიზაინერის ხელწერის განუყოფელი ნაწილია. კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს.