“მოდა ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელიც ქუჩაში მოძრაობს”, ეს სიტყვები ტიერი მუგლერს ეკუთვნის, მოდის დიდებულ ხელოვანს, რომლის მხოლოდ დიზაინერად მოხსენიება რთულია. ის არის ფოტოგრაფი, რეჟისორი, მხატვარი და უკონკურენტო შოუმენი, რომლის შემოქმედებამ გზა გაუკვალა გენიალურ დიზაინერებს, მაგალითისათვის საკმარისია დავასახელოთ ჯონ გალიანო და ალექსანდრ მაკქუინი. მიუხედავად იმისა, რომ 20 წელი გავიდა, რაც ფრანგი მოდის დიზაინერობას ჩამოშორდა, მისი გავლენა კვლავ შესამჩნევია. “ჩემთვის ის ინდუსტრიის ერთ-ერთი ნამდვილი გენიოსია, მან მთლიანად შეცვალა მოდის ბიზნესი, 30 წლის შემდეგაც, ერთ-ერთი საუკეთესოა,” აღნიშნავს რიკარდო ტიში, Burrberry-ის შემოქმედებითი დირექტორი.
ტიერი მუგლერის გენიალურ შემოქმედებას ეძღვნება ახალი გამოფენა, რომელსაც პარიზის Musée des Arts Décoratifs მასპინძლობს. გამოფენა სახელწოდებით ”Thierry Mugler – Couturissime” პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ლორეალის სპონსორობით გაიხსნა.
გრანდიოზულ გახსნას არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის – რეპერი Cardi B.. ქარდიმ Mugler -ის ვინტაჟური კოლექცია მოირგო.
სუპერმოდელ ირინა შეიკს Mugler -ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაბა ეცვა. კოსტიუმი მუგლერის 1997 წლის ”ოტ-კუტიურ” ჩვენებაზე ლეგენდარულმა ჯერი ჰოლმა წარადგინა.
ფრანგი დიზაინერის შემოქმედებითი მემკვიდრეობის აღსანიშნავად, საღამოზე გამოჩნდა ბრენდ Mugler -ის მოქმედი კრეატიული დირექტორი, ქეისი ქადუალედერიც.
იგივე სახელწოდებით ტიერი მუგლერის გამოფენა მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმშიც მოეწყო, თუმცა პარიზის Musée des Arts Décoratifs ვიზიტორებს უფრო მრავალფეროვან არქივებს სთავაზობს. მონრეალისაგან განსხვავებით, ”MAD Paris” ლეგენდარული დიზაინერის კარიერის ნაკლებად გახმაურებულ მომენტებსაც მოიცავს, მათ შორის – აქამდე გამოუქვეყნებელ ესკიზებს, კოსტიუმებს და ფოტოებს.
როგორც გამოფენის კურატორი ტიერი-მაქსიმ ლორიოტი აღნიშნავს, ”Thierry Mugler – Couturissime” ფრანგი დიზაინერის შემოქმედებით გენიას ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს. გამოფენის ხილვა 2022 წლის აპრილამდე იქნება შესაძლებელი.