The Lyst Index-მა 2022 წლის მეოთხე კვარტლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა და აღნიშნულ პერიოდში ყველაზე განხილვადი ბრენდების ათეული გამოავლინა.

სიაში პირველ ადგილს იტალიური მოდის სახლი Prada იკავებს, მეორე და მესამე პოზიციებს კი Gucci და Moncler ინაწილებენ. ათეულში შესაბამისი თანმიმდევრობით ასევე ვხვდებით: Miu Miu-ს, Valentino-ს, Bottega Veneta-ს, Loewe-ს, Dior-ს, Dolce & Gabbana-ს და Saint Laurent-ს.

რაც შეეხება ყველაზე აქტუალურ პროდუქტებს, ამ შემთხვევაში მოწინავე ადგილს Saint Laurent-ის ჩანთა “Icare” იკავებს, რომელსაც Prada-ს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და Dr. Martens-ის ჩექმა “Leonore Chelsea” მოსდევს. აღსანიშნავია, რომ ათეულში მე-8 ადგილზე გვხვდება ქართული ბრენდის, Mach & Mach-ის, პოპულარული მოდელი. “Mach & Mach-ის თვალისმომჭრელმა ბაფთიანმა ფეხსაცმელებმა TikTok-ზე 70,9 მილიონი ნახვის დაგროვების შედეგად მთელი სოციალური მედია მოიცვა,” – ვკითხულობთ The Lyst Index-ის ანგარიშში.

ყველაზე სასურველი პროდუქტები The Lyst Index-ის მიხედვით

Lyst მოდის ტექნოლოგიური კომპანია და პრემიუმ სავაჭრო აპლიკაციაა, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონი ადამიანი იყენებს, რათა აღმოაჩინონ და შეიძინონ ნივთები სხვადასხვა ბრენდებისა და მაღაზიებისგან. The Lyst Index სწორედ Lyst-ის მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვებით აქვეყნებს კვარტლურ შემაჯამებელ მონაცემებს, რომლებიც ასევე ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში ბრენდებთან და პროდუქტებთან დაკავშირებით გამოვლენილ აქტივობას, ჩართულობასა და განხილვას.