სტრიმინგ სერვისმა ნეტფლიქსმა ახალი ბრიტანული სერიალი სახელწოდებით The Geek Girl გამოუშვა. სერიალი ერთი შეხედვით ე.წ. თინეიჯერული დრამაა, ბევრი სახალისო მომენტით, თუმცა სინამდვილეში ის ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა განსხვავებული ადამიანების აზროვნების სპექტრი, მათ მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებები და საზოგადოების დამოკიდებულება. სერიალის მთავარი გმირი სკოლის მოსწავლე ჰარიეტია, რომელსაც მოულოდნელად ლონდონში დაფუძნებული წამყვანი სამოდელო სააგენტო აღმოაჩენს. შოუ გადაღებულია ბრიტანელი მწერლის, ჰოლი სმეილის ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ავტორის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. 

სერიალის სიუჟეტი განვითარების დინამიკით და მოდის სამყაროსათვის დამახასიათებელი ისტორიებით საყურებლად საკმაოდ დამაინტრიგებელია, თუმცა მთავარი მასში ის არის, რომ სენსიტიურ თემებს ზედმეტი უტრირების გარეშე ეთიკურად ეხება. სერიალი პირდაპირ არ გვეუბნება, აქვს თუ არა მთავარ გმირს აუტისტური სპექტრი და არც მისი სოციუმისაგან განსხვავებილი პიროვნებაა წარმოჩენილი დრამატულად – ამ ყველაფერს მაყურებელი ბუნებრივად, პერსონაჟის გაცნობის კვალდაკვალ ამჩნევს. 

აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორს Geek Girl-ის გამოცემის შემდეგ აუტიზმისა და დისპრაქსიის დიაგნოზი დაუსვეს. ამდენად ეს ისტორია მისი შემქმნელისათვის საკუთარი თავის ამოხსნის საშუალებადაც იქცა.  

სერიალის მთავარ როლში ემილი ქერი მონაწილეობს, რომელიც მაყურებლის დიდმა აუდიტორიამ House of the Dragon-ში იხილა.