“დამღალა იდეებზე საუბარმა – მოდით ტანსაცმელზე ვილაპარაკოთ,” – განუცხადა მიუჩია პრადამ Prada-ს ჩვენების შემდეგ კულისებში შეკრებილ ჟურნალისტებს.
2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის მან რაფ სიმონსთან ერთად არაერთი დასამახსოვრებელი დიზაინი შექმნა, მათ შორის: მაღალწელიანი ქამრიანი შორტები, “ფეჩვორქის” ტექნიკით დამზადებული ტყავის მოსაცმელი და ხელით მოქარგული კაბები, ფოჩებიანი პერანგები ყვავილოვანი პრინტებით და ჰაეროვანი ორგანზას კაბები ღია ვარდისფერ, ცისფერსა თუ თეთრში, რომლებიც მოძრაობისას სიმბსუბუქის გასაოცარ განცდას ბადებს. კოლექციაში, რომლის შესაქმნელადაც სხვადასხვა სახის მასალა გამოიყენეს, რეფერენსები არაერთი პერიოდიდან ვლიდნებოდა – 1920-იანი, 1930-იანი, 1980-იანი და 1990-იანი წლებიდან. გამორჩეული აქსესუარი, რომელიც ჩვენებაზე ვიხილეთ, იყო მიუჩიას ბაბუის, მარიო პრადას, დიზაინით შექმნილი ჩანთის განახლებული ვერსია ერთი უჩვეულო მახასიათებლით – ბრაზმორეული, ენა გამოყოფილი მითოლოგიური ფიგურის თავით. Prada მარიომ 1913 წელს თავის ძმა მარტინოსთან ერთად დააარსა.
“ამ კოლექციისთვის გვინდოდა სამუშაოზე, მეთოდებსა და ტექნიკებზე, ღირებულებაზე ვკონცენტრირებულიყავით” – აღნიშნა მიუჩიამ.
ჩვენების ბოლოს იტალიური მოდის სახლის შემოქმედებით თანადირექტორებთან ერთად Prada-ს და Miu Miu-ს დიზაინ დირექტორიც გამოვიდა. ფაბიო ზამბერნანდი კომპანიას 1981 წელს შეუერთდა, აღნიშნულ პოზიციას კი 2002 წლიდან იკავებს. ამ პოსტს ის ოქტომბერში ტოვებს. Prada-ს მისი ჩართულობით შექმნილი ბოლო კოლექციის ჩვენებაზე კომპანიაში ფაბიოს მრავალი წლის განმავლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ფართო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად, პატივისცემის გამოხატვით დააფასეს.
ჩვენების ჩანაწერი