ფრანჩესკო რისოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით Marni-სთვის შექმნილი 2023 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებას იაპონია უმასპინძლებს. როგორც WWD იუწყება, პრეზენტაცია 1 თებერვალს, ტოკიოში ჩატარდება. ივარაუდება, რომ მას დაახლოებით 2500 სტუმარი დაესწრება.

გამოცემასთან საუბრისას, იტალიური ბრენდის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბარბარა კალომ განაცხადა, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წლის შედეგებით რეგიონში 30%-იანი ზრდის მაჩვენებელს ელიან. მან ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის ბაზარი Marni-ის მთლიანი გაყიდვების 23%-ს შეადგენს.

ქვეყანაში Marni-ის მეორე Flagship-ის გახსნა მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება. ამჟამად იაპონიაში მაღაზიებში გამოყოფილი ბრენდის 23 სივრცე, ორი ცალკეული მაღაზია და სამი აუთლეტი ფუნქციონირებს.

Marni გაზაფხული 2023 © The Impression

ფრანჩესკო რისომ მოძრავი ჩვენებების სერია მიმდინარე წლის სექტემბერში ნიუ-იორკით დაიწყო. ჯერ-ჯერობით უცნობია ტოკიოს შემდეგ რომელ ქალაქებში გაიმართება მომდევნო შოუები, თუმცა დაარსებიდან 30 წლის შემდეგ, 2024 წელს ბრენდი კვლავ მილანს დაუბრუნდება, ქალაქს, რომელშიც ის არის დაფუძნებული.