მუსიკას უდიდესი ადგილი უკავია ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობაში. რთულია გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან პერიოდი, როდესაც სახელოვნებო მიმართულების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშა მუსიკა არ იყო. ამას ადასტურებენ ქართველი თუ უცხოელი ისტორიკოსები. ამით აიხსნება ისიც, რომ საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დაფუძნებიდან უკვე 100 წელი გადის. საქართველოს სიმფონიური ორკესტრი 1925 წელს დაარსდა, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების მიერ. სიმბოლურია, რომ “თბილისის კულტურის კვირეულის” დახურვაში მონაწილეობა სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო და კიდევ უფრო სიმბოლურია, რომ კონცერტის გამხსნელ კომპოზიციად სწორედ ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა შეირჩა.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო ღონისძიება – “თბილისის კულტურის კვირეული” 9-12 მაისს გაიმართა. ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი და მხარდამჭერი გახლავთ – Mastercard.

მიმდინარე დღეების განმავლობაში, Fashionholics Online სწორედ ციფრული გადახდების გლობალურ ლიდერთან, Mastercard-თან თანამშრომლობით აშუქებდა “თბილისის კულტურის კვირეულს”, რომლის დასკვნითმა დღემ ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ვიხილეთ, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერის, ლაშაო გაბუნიას ჩვენება, აგრეთვე აწ უკვე ლეგენდარული სიმფონიური ორკესტრი და ქართველი მეცო-სოპრანო ჯადოსნური ხმით – ანიტა რაჭველიშვილი.

Jesus Star – ამ სახელწოდებით დიზაინერმა ლაშაო გაბუნიამ ამბიციური პროექტი 2022 წელს წამოიწყო. მოკლე დროში, ახალგაზრდა ბრენდმა მიმდევრების ერთგული არმია შეიძინა. მიზეზი კი, “თბილისის კულტურის კვირეულზე” წარმოდგენილი კოლექციისთვის თვალის შევლებითაც ადვილი მისახვედრია. მიუხედავად იმისა, რომ Jesus Star თანამედროვე, მეამბოხე, ფერადი და ახალგაზრდული ენერგეტიკის მატარებელია, გაბუნიას ხელწერა და დიზაინები საკმარისად კლასიკური და მიმიზდველია საიმისოდ, რომ ის არ მოერგოს ვიწროდ ერთი კონკრეტული გემოვნების მქონე მომხმარებელს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილ კოლექციაში ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესების მქონე ადამიანი იპოვის თავისთვის სასურველ ნივთს, რაც მოდაში სტაბილური და წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია.

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

“თბილისის კულტურის კვირეულს” სხვა ღონისძიებებისაგან მრავალფეროვანი პროგრამაც გამოარჩევს. ის მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, როგორც მოდას, აგრეთვე კინოს, მხატვრობას, ფოტოგრაფიას, მუსიკას. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ეძლევა ერთმანეთის მიყოლებით იხილოს განსხვავებული სფეროს, სტილის, ისტორიისა და ასაკის ნიჭიერი ხელოვანები. როგორც უკვე აღინიშნა, ახალგაზრდული ბრენდის, Jesus Star-ის შემდეგ, “თბილისის კულტურის კვირეულის” დასკვნითი დღე მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაგრძელდა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის სამხატვრო ხელმძღვანელობით.

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

“მე ძალიან მიხარია, რომ ეს კონცერტი კულტურის კვირეულს უკავშირდება” – აღნიშნა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა. მანვე დასძინა, რომ საღამოს მთავარი გმირი, ქართული საოპერო სცენის ვარსკვლავი – ანიტა რაჭველიშვილი წარმოდგენას თავისი მასწავლებლის, ლეგენდარული მანანა ეგაძის ხსოვნას უძღვნიდა. აღსანიშნავია, რომ პერფორმანსს საზოგადოებისათვის არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.

დასკვნის სახით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონცერტი, მონაწილე შემსრულებლებით, მუსიკალური შედევრებითა და კონცეფციით, მართლაც რომ დამაგვირგვინებელი აკორდი იყო “თბილისის კულტურის კვირეულისთვის.”