ორ-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ საფესტივალო ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება – Tbilisi Open Air საკმაოდ შთამბეჭდავი ლაინაფით ბრუნდება. ამ ზაფხულს, ფესტივალი სამი დღის განმავლობაში არაერთ ცნობილ უცხოელ და ქართველ შემსრულებელს გააერთიანებს.
ALT J, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი Okean Elzy, Cigarettes After Sex, KONOBA, Bedford Falls, MOKUMOKU – ეს იმ არტისტების და მუსიკალური კოლექტივების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ქართველი მსმენელი Tbilisi Open Air-ის სცენაზე იხილავს.
წლევანდელი ფესტივალი მსოფლიოში დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე ჩატარდება. ვინაიდან საფესტივალო კულტურა ყოველთვის თავისუფლებასა და მშვიდობასთან ასოცირდება, Altervision-ის გუნდმაც გადაწტვიტა მოვლენებს შესაბამისად გამოეხმაუროს – შედეგად, Tbilisi Open Air 2022-ის ფარგლებში, უკრაინის დასახმარებლად სპეციალური მერჩენდაიზი შეიქმნა. პროექტი ArtUp Street Gallery-ისთან თანამშრომლობით განხორციელდა.
მერჩენდაიზის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. სრული კოლექციის გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
Tbilisi Open Air 2022 წელს 24 ივნისს გაიხსნება და 26 ივნისს დაიხურება. ფესტივალი ტრადიციულად Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე ჩატარდება.