მოდა, როგორც ვიზუალური ხელოვნების ფორმა, თანამედროვე რეალობის ინტერაქციული ანარეკლია. ის გამომსახველობითი ფორმით აღბეჭდავს ჩვენ გარშემო მიმდინარე სოციალურ პროცესებს, ცხოვრების წესსა და თანამედროვე ადამიანის ღირებულებებს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოდის სამყაროში გაჩენილი ყოველი ბრენდი გააზრებულ იდეას ეყრდნობოდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის საკუთარ მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარებას. დღეს ქართულ კონცეპტუალურ ბრენდზე – SYNDROM-ზე მოგიყვებით, რომელიც არამხოლოდ ვიზუალური ესთეტიკით და ხელწერით, არამედ იდეური დატვირთვით გამოირჩევა.
SYNDROM 2015 წელს დაარსდა. ბრენდის მისია სამოსის ალაპარაკებაა. ამგვარად, ბრენდი ქმნის არა სამომხმარებლო პროდუქტს, არამედ აკეთებს განაცხადს და ისტორიას ჰყვება.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2024/03/IMG_6773-1024x683.jpeg)
SYNDROM-ის გუნდმა საკუთარი ხედვები ორიგინალური და ხშირად მძაფრი ემოციების აღმძვრელი ფორმით გამოხატა. ამან საერთაშორისო აუდიტორიის და მედიის ყურადღებაც მიიპყრო. მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში ბრენდის შესახებ ცნობილმა გერმანულმა გამოცემა GLAMCULT-მა დაწერა.
როგორც SYNDROM-ის გუნდი ჩვენთან საუბრისას ამბობს, კონცეფცია თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრული იყო:
“უნდა შეგვექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც დროს გაუძლებდა. ამისთვის საჭირო იყო ძლიერი იდეა და მაღალი ხარისხის პროდუქტი. ბრენდის დნმ-ში თავიდანვე ჩაიდო უდროობის იდეა. ამბობენ, რომ მოდა წარსულს ადვილად ივიწყებს, რადგან აქტუალურობით და სიახლით არის შეპყრობილი, თუმცა ჩვენი ტანსაცმლით საპირისპიროს დამტკიცება გვინდოდა. SYNDROM-ის დაფუძნების იდეა გარემოებამ, მოდაზე, ხელოვნებასა და ადამიანებზე დაკვირვების ახირებულმა იდეამ წარმოქმნა. ჩვენი დაუოკებელი სურვილი იყო, შეგვექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ადამიანის პიროვნულ თვისებებს წინ წამოსწევდა. სწორედ ეს იქცა SYNDROM-ის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად.”
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2024/03/IMG_6774-768x1024.jpeg)
SYNDROM-ის კოლექციებში ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ფორმის რეფერენსებს აღმოაჩენთ. აქ დაინახავთ კონცეპტუალური ხელოვნების ნიშნებს. კოლექციებში შესაძლოა ფეტიშისტური დეტალებიც შენიშნოთ, თუმცა რაც ყველაზე საინტერესოა, დიზაინში ყველა ეს გადაწყვეტა დაბალანსებულია იმგვარად, რომ სამოსი პრაქტიკულობას არ კარგავს. თანამედროვე რეალობაში, როცა მომხმარებელი მეტად გაბედული გახდა, მეტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა არა ტრენდებს, არამედ ინდივიდუალიზმის გამოხატვას, SYNDROM კიდევ უფრო მრავალფეროვანი მომხმარებლისათვის შექმნილ ბრენდად იქცა.
“ჩვენი ტანსაცმელი იქმნება ყველასთვის, ვისაც ჩამოყალიბებული გემოვნება და სტილის შეგრძნება აქვს. ვისთვისაც მოდა არის ყოველდღიურობა, ხასიათი და განწყობა. SYNDROM არ ქმნის ტენდენციურ ტანსაცმელს, რადგან ის არ არის ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული. ის მჭიდრო კავშირის დამყარებას ცდილობს ტანსაცმელსა და იმ ადამიანს შორის, ვინც მას ატარებს,” – ამბობენ ბრენდის შემქმნელები.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2024/03/IMG_6772-683x1024.jpeg)
SYNDROM ესთეტიკურად ბევრ საინტერესო მიგნებას აკეთებს. ტანსაცმლის სტრუქტურის დაშლა, სამოსის იდეის ახლებური გადააზრება – ამ მოდგომას ბრენდის ყოველ კოსტიუმში ვამჩნევთ. საინტერესოა ისიც, რომ SYNDROM-ის გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს ბრენდის პოზიციონირებას, რაც გამორჩეული ესთეტიკის ვიზუალურ პროექტებში, მოდელების ქასთში და მომხმარებელთან კომუნიკაციის ფორმებში გამოიხატება.
ახლახან SYNDROM-მა ბელგიელ ვიზუალურ არტისტთან, მაურო დესმედტან (Mauro Desmedt) ითანამშრომლა. კოლაბორაციული ფოტო პროექტის იდეა ადამიანის ინტიმური პორტრეტის შექმნა იყო.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2024/03/IMG_6776-683x1024.jpeg)
“მაურო დესმედტი ის ხელოვანია, რომელიც თავის შემოქმედებას რადიკალურად განსხვავებული ფორმებით წარმოაჩენს. სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები SYNDROM-ის დნმ-ს უკავშირდება მელანქოლიური და პოეტური მხატვრული ხედვით.”
SYNDROM-ისა და მაურო დესმედტის თანამშრომლობით შექმნილი ვიზუალური პროექტი აერთიანებს პორტრეტებს, სადაც შინაგანი მდგომარეობა საინტერესო ვიზუალური ფორმით არის ნაჩვენები. ვიზუალურ ნამუშევრებში ინდივიდი ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სითამამით უპირისპირდება. სულიერი ტკივილი კი იდეალიზებული, ან დამთრგუნველად რეალისტური სხეულით არის გადაფარული.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2024/03/IMG_6777-683x1024.jpeg)
“სიშიშვლე იმდენი ვარიაციით შეიძლება წარმოჩინდეს, რამდენი სახის სხეულიც არსებობს სამყაროში. სიშიშვლესაც შესწევს უნარი, უამრავჯერ გამოიცვალოს სახე და ვერც ერთხელ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ეს სახე ნამდვილი იქნება, თუ უბრალოდ დროებით მორგებული.”
მაურო დესმედტის და SYNDROM-ის კოლაბორაცია ის შემთხვევაა, როცა ტანსაცმლის ბრენდი და ვიზუალური ხელოვნების სხვა მედიაში მომუშავე არტისტი ერთსა და იმავე იდეაზე ფოკუსირდებიან და ერთნაირად აღიქვამენ სამყაროს. სწორედ ამან აქცია ეს გადაკვეთა ავთენტურ კოლაბორაციად.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2024/03/IMG_6775-683x1024.jpeg)
Photography – Mauro Desmedt / @desmavro
Project coordinator – Nova Express / @tatadopamine
MUA – Kim-Lien Van Brabant / @kimchi_lien
Creative Director – Tekle Gurgenidze / @__teklesia
Talent – Luna De Boos / @ludebo