“ჩემი ურთიერთობა ვივიენთან მაშინ დაიწყო, როდესაც დაახლოებით 23 წლის ვიყავი და პარიზში, La Coupole-ში სადილობისას ტუჩსაცხს ხელახლა ვისვამდი,” – გაიხსენა სუზი ქეივმა ჟურნალ AnOther-ისთვის 2017 წელს. როგორც მოდელმა, მსახიობმა და დიზაინერმა აღნიშნა, ვივიენ ვესტვუდის შესახებ მან 13 წლის ასაკიდან იცოდა. ერთ დღეს სკოლაში თავისი საუკეთესო მეგობარი, ლეგენადარული როკ ჯგუფის, Led Zeppelin-ის, წევრ ჯოლ პოლ ჯონსის შვილი ტემი ბრიტანელი დიზაინერის მეკობრის სტილის სამოსში ჩაცმული გამოცხადდა და იმ მომენტიდან ვივიენი სუზის გმირი გახდა, “რადგან მეკობრის ჩაცმულობის ასეთი მოურიდებელი წარმოდგენით ახალგაზრდა გოგონებმა დავინახეთ, რომ შეგვეძლო ის ვყოფილიყავით, ვინც გვსურდა; რომ საზღვრები და ბარიერები არ არსებობდა. ტემი სრულიად გარდაქმნილიყო. სამოსი ჯოჯოხეთურად ძვირი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის გარწმუნებდა, რომ შეგეძლო თავად შეგექმნა და რაც უფრო უსირცხვილო იქნებოდა, მით უკეთესი!”

წლების შემდეგ ვივიენმა და სუზიმ ერთმანეთი გაიცნეს და ერთად არაერთხელ იმუშავეს. “პარიზში, La Coupole-ში სადილობისას ვცდილობდი დამემალა, რომ ტუჩსაცხს მაგიდასთან ვისვამდი, როდესაც ვივიენმა ეს სიტყვები მითხრა: “მომწონს ამას როგორც აკეთებ, სუზი, ძალიან ძველმოდურია.” კარგად მახსოვს ის, რაც ვივიენს ჩემთვის აქვს დათქვამი, ის ძალიან პირდაპირი იყო და მასში ეს მიყვარს – მერე რა, რომ ზოგჯერ იმას არ იგებ, რისი მოსმენაც გინდა!”

1990 წელს Vivienne Westwood-ის “Portrait” კოლექციის ჩვენებაზე სუზისა და დენის ლუისის კოცნა გასულ საუკუნეში პოდიუმზე შემოთავაზებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტია. იმ პერიოდისთვის ორი ქალი მოდელის კოცნა იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ბრიტანული მედიის აღშფოთება გამოიწვია.

თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვივიენის ჩვენებაზე ქალმა მოდელებმა ერთმანეთს აკოცეს. 1989 წლის შემოდგომა/ზამთრის “Voyage to Cythera” კოლექციის ჩვენებაზე სუზიმ სარა სტოკბრიჯსაც აკოცა. “ჩემი აზრით სარა სტოკბრიჯი ყველაზე დიდებული გოგოა მათ შორის, ვისაც დედამიწაზე გაუვლია – მიყვარდა და მისით მონუსხული ვიყავი,” – ვიგებთ სუზისგან. “როდესაც ერთად გამოვდიოდით, ხშირად კაცის როლი მქონდა მორგებული, ის იმდენად ფემინური და ლამაზი იყო.

სუზი ამ პერიოდს განსაკუთრებულს უწოდებს და ამბობს, რომ სამუშაოდ ვივიენის მხრიდან მასზე არჩევანის გაკეთება ყველაზე დიდ პატივად მიაჩნდა: “მისი ჩვენებები შეშლილი იყო, უბრალოდ ტკბილი ანარქია, ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე მათ ნაწილად ყოფნამ კი გარდამქმნა, ხმა მომანიჭა – ეს მარტო მე არ მეხება – და შთამაგონა, რომ ისეთი ადამიანი ვყოფილიყავი, როგორიც მინდოდა. ის გემის კაპიტანი იყო, ჩვენი უზენაესი ლიდერი, ჩვენ კი მის გიჟურ, სკანდალურ სამოსში გამოწყობილი უღმერთო ფიგურები ვიყავით. ამ წლებს არაფერზე გავცვლიდი – მათ შემქმნეს.”