თომ ბრაუნის, რეი კავაკუბოს და კიმ ჯონსის შემდეგ Supreme-სთან თანამშრომლობით კოლექცია კიდევ ერთმა მაღალი მოდის დიზაინერმა შექმნა, ამჯერად ჟან პოლ გოტიემ.
„ჩემს კოლექციებში სპოტული ელემენტები თავიდანვე შემქონდა,“ – ამბობს გოტიე. „ისინი ჩემს კოდებს და ობსესიებს შორისაა. ამ ინტერესით ოთხმოციანი წლების ბოლოს „ჯუნიორ გოტიეც“ კი გამოვუშვი. სუპრიმთან ერთად ეს ინსპირაცია ახალ თაობასთან მისასვლელ გზას მონახავს.“
კოლექციიდან გავრცელებული ნაწილები მოიცავს ხელოვნური ბეწვით შექმნილ წითელ და ლურჯ ფერებში წარმოდგენილ კუბოკრულ ქურთუკს, რომელსაც ორივე სქესის წარმომადგენელი თავისუფლად ჩაიცვამს, ქამარს, რომლის წარწერაც ამ თანამშრომლობას ავლენს, მკერვალობას, გრაფიკულ პრინტებს და რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ მესიჯს.

კამპანიაში მონაწილეობას იღებს მადონას შვილი, 22 წლის ლურდეს ლეონი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოტიეს და მადონას პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა უკვე რამდნეიმე ათეულ წელს ითვლის, ეს ფაქტი გასაკვირი არ უნდა იყოს.

გავიხსენოთ მადონას და გოტიეს თანამშრომლობიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, რომელიც თითქმის ოცდაათი წლის წინ იყო. 1990 წელს Blond Ambition ტურისთვის პოპ ვარსკვლავის კოსტუმები სწორედ გოტიემ შექმნა. მადონას გამოჩენა დიზაინერის კონუსისებური ბიუსჰალტერით ერთდროულად ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და შთამბეჭდავი მომენტია, რომელიც მუსიკალურ სცენას უნახავს.
“ქალთა სექსუალურმა განთავისუფლებამ, რომელსაც საფუძველი სამოციან წლებში ჩაეყარა, კულმინაციას 1990 წელს გოტიეს Blond Ambition-ის ტურისთვის მადონასთვის შექმნილი კოსტუმის დიზაინით მიაღწია,“ – წერს სუზი მენქსი „ჟან პოლ გოტიეს მოდის სამყაროს“ შესავალში. „მისმა ამ ‘მეამბოხე-კორსეტით’ მომენტმა პოდიუმი და სცენა გააერთიანა, საერთაშორისო პუბლიკამ იხილა ბიუსჰალტერის ხედვა, რომელიც დიზაინერმა პოდიუმზე პირველად ადრეულ ოთხმოციან წლებში წარმოადგინა.“

Supreme x Jean Paul Gaultier კოლექცია გაყიდვაში 11 აპრილს გამოვა.