პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში 2024 წლის ეროვნული ლიგის ფინალი Kansas City Chiefs გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მოვლენა, რომელიც ტრადიციულად, ყოველი წლის თებერვალში იმართება, ამერიკელ მაყურებელში წელსაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. საერთაშორისო აუდიტორიისთვის კი, Superbowl სპორტულ მნიშვნელობაზე მეტად, შოუს ელემენტებით არის მიმზიდველი.

აშერი და ალიშა ქისი 2024 წლის Superbowl -ზე

საფეხბურთო ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ, ე.წ. Halftime Show, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი წარმოდგენაა, რომლის ჰედლაინერადაც, ყოველ წელს, მუსიკისა და პოპ-კულტურის საერთაშორისოდ ცნობილი პერფორმერი გვევლინება.

2024 წლის Superbowl-ის ჰედლაინერი გრემის მფლობელი არტისტი, აშერი გახლდათ. მან სცენაზე მოუხმო ჩარტების ლიდერსა და გრემის მფლობელ მუსიკოსს, ალიშა ქისს. აშერისა და ალიშას კოსტიუმებზე Dolce & Gabbana-მ და Off White-მა იზრუნეს.

Dolce & Gabbana-ს სამოსი ამშვენებდა ბიონსესაც, რომელმაც Superbowl-ის სარეკლამო პაუზისას ახალი ქანთრი ჟანრის ალბომი დააანონსა. Balenciaga მოირგეს ბლეიკ ლაივლიმ და კიმ კარდაშიანმა, Saint Laurent -ის ქურთუკზე შეაჩერა არჩევანი ჰეილი ბიბერმა.

რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, მომენტის ერთ-ერთმა ყველაზე განხილვადმა ვარსკვლავმა არჩევანი Dion Lee -ის ტოპსა და Area-ს შარვალზე გააკეთა.